27 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
"მაიმუნის ყვავილის" დიაგნოსტიკა PCR ტესტის გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეში შემოვა - ამირან გამყრელიძე

24 ქვეყანა და 500-მდე დადასტურებული შემთხვევამ - ეს არის მაიმუნის ყვავილის გავრცელების სამკვირიანი სტატისტიკა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზომებს იღებს, გაფრთხილებულია ქვეყნები. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი რისკის წინაშე ევროპაა, სადაც შემთხვევების რიცხვი გაორმაგებულია.

ვირუსის გავრცელებისგან დაცული არც საქართველოა, ამიტომ ქვეყანა მაიმუნის ყვავილის სამკურნალო მედიკამენტის მიღებაზე უკვე განაცხადს აკეთებს.

სპეციალისტები მოსახლეობას ისევ რეკომენდაციების გათვალისწინების და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის დადგენა სეკვენირების საშუალებით ხდება.

"შეგვიძლია დიაგნოსტიკა, რასაც თქვენ ეძახით, "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის. მისი იდენტიფიცირება შეგვიძლია გენომის სეკვენირებით. მოგეხსენებათ, სეკვენირების პროცესს სჭირდება 4-5 დღე, რაც შეეხება PCR ტესტებს, ალბათ მომავალ კვირაში პრაიმერები რომ ავაწყოთ, ტესტი გვექნება. პრეპარატზე, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ განაცხადს. მოგეხსენებათ, არის უკვე ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზებული მედიკამენტი და გაკეთდება ამაზე განაცხადი და ვფიქრობთ, რომ იქნება ქვეყანაში,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კი, საზოგადოებას ჰიგიენის ნორმების დაცვისა და საეჭვო შემთხვევაში სამედიცინო სფეროსთან კონსულტაციას მოუწოდებს. 

"აქ მთავარი ჩვენთვის არის, თვალი ვადევნოთ ეპიდემიის მიმდინარეობას, ეპიდემიას ამას ვერ ვუწოდებთ, შემთხვევების გავრცელების მიმდინარეობას სხვადასხვა ქვეყანაში და დავიცვათ პრევენციული ზომები. პრევენციული აქ არის ხელის ჰიგიენა, კონტაქტებისგან თავის არიდება და ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში სამედიცინო სფეროსთან კონსულტაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ გლობალურ სიახლეებს და შესაბამისი რეაგირება ქვეყანას ექნება,"-აცხადებს თამარ გაბუნია. 

ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ნიგერიაში დაფიქსირდა. ინფიცირებული 40 წლის პაციენტი იყო, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

დღის ამბები