27 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ გვეცადა, მოგვეპოვებინა მეტი იარაღი, უფრო თანამედროვე იარაღი ჩვენი მიწის, ჩვენი ხალხის დასაცავად - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის თქმით, რუსული დარტყმების შედეგად, სევეროდონეცკში სახლების 90 პროცენტი დაზიანებულია, განადგურებულია ქალაქის მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტერიტორია მუდმივად იბომბება. ომის ბოლო ამბები, ტრადიციულად, ღამის ვიდეომიმართვაში შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბრძოლა არა მხოლოდ ხარკივისთვის, კიევისა და ჩრდილოეთ უკრაინისთვის წააგო და მან მომავალი დაკარგა.

"დღეს ხარკივს ვესტუმრე, თავად ქალაქს და ჩვენი სამხედროების მოწინავე პოზიციებს რეგიონში. შეხვედრა გავმართე რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელობასთან. ჯარი, პოლიცია, ხარკივის მერი, რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია - ყველა ნამდვილად მუშაობს გამარჯვებისთვის და ამას ძალიან ეფექტურად აკეთებს. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე. დავითხოვე რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იმის გამო, რომ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან არ მუშაობდა ქალაქის დასაცავად, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა პირადად. რა იყო მოტივები? სამართალდამცავები ამას გაარკვევენ.

რუსეთმა შეკრიბა ძალიან დიდი ძალები ჩვენს დონბასში, ძალიან მოემზადა იქ შეტევისთვის. ძალიან სიმბოლურად მიმაჩნია, რომ რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის აღების მცდელობა სასტუმრო "მშვიდობის" აღებით დაიწყეს. მშვიდობა მართლაც პირველი სამიზნეა რუსეთისთვის. სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა საოკუპაციო კონტინგენტისთვის. მათ არ აინტერესებთ, რამდენი სიცოცხლის გადახდა მოუწევთ ბულვარზე რუსული დროშის აღმართვის მცდელობისთვის. რა მწარედ ჟღერს ეს სახელი ახლა – ხალხთა მეგობრობის 32, სადაც მდებარეობს სევეროდონეცკის ადმინისტრაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ თავდასხმის შესაჩერებლად. არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ გვეცადა, მოგვეპოვებინა მეტი იარაღი, უფრო თანამედროვე იარაღი ჩვენი მიწის, ჩვენი ხალხის დასაცავად," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები