რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ყურადღება უკრაინის დახმარების საკითხს, ენერგოდამოუკიდებლობას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხს დაუთმეს.
ასევე, აღინიშნა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეები და რომ მათ, ისტორიის შეცდომები არ უნდა გაიმეორონ.
საპარლამენტო ასამბლეაზე, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა, მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ერთიანობა.
"უკრაინა უნდა იყოს ნამდვილი გამოფხიზლების ზარი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი არის საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის. დღეს, ნატო ზრდის თავის შესაძლებლობებს რეგიონში. ჩვენ მადლობლები ვართ შეერთებული შტატების ლიდერობის და ევროკავშირის უსაფრთხოების ერთგულების მკაფიო განცხადებებისთვის, რომლითაც რუსეთისთვის ნათელია, რომ ნატოს საზღვრები დაცულია. გერმანიის გადაწყვეტილება თავდაცვის დანახარჯების გაზრდაზე აჩვენებს მის სურვილს, იყოს საკვანძო მოთამაშე ევროპული უსაფრთხოების სფეროში. ფინეთს და შვედეთს ნატოში გაწევრიანება სურთ (წევრიანდებიან). ეს ჭეშმარიტად ისტორიული ცვლილებებია. ჩვენ ვნახეთ, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ყირიმში", – აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განმარტა, რომ მტრის მოგერიებისთვის უკრაინა მძიმე შეიარაღებას, არტილერიას, ტანკებს, ავიაციას, გემსაწინააღმდეგო კომპლექსებს, საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს საჭიროებს.
"სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველი 1 თვის განმავლობაში, რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიცადა. დასავლეთის ბევრი დედაქალაქის მსგავსად, კრემლში სჯეროდათ, რომ კიევი 3-4 დღეში დაეცემოდა და მოსკოვის მიერ კონტროლირებადი მთავრობა მოვიდოდა 10 დღეში. მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა, 30 ათასს გადააჭარბა. ახლა, რუსეთი ცდილობს, მიიტაცოს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინა. მიუხედავად ამისა, კიევის ხელში ჩაგდებისა და უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნგრევის მიზანზე უარი არ უთქვამს. ჩვენ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი და განვდევნოთ მტერი რაც შეიძლება მალე. ამისათვის გვჭირდება მძიმე შეიარაღება, არტილერია, ტანკები, ავიაცია, გემსაწინააღმდეგო კომპლექსები, საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები. ჩვენ გვჭირდება ეს სწრაფად და იმ რაოდენობით, რა მასშტაბის გამოწვევების წინაშეც ვდგავართ",– განაცხადა რეზნიკოვმა.
ევროპარლამენტარს სვენ მიქსერს სჯერა, რომ სანქციების მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება.
"ბევრმა ჩვენმა ლიდერმა თქვა და მეც მჯერა, რომ სანქციების მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია რუსეთის ეკონომიკისა და ინდუსტრიული ბაზის დასუსტება იმისათვის, რომ მან ვერ შეძლოს თავისი არმიის მოდერნიზება და არ ჰქონდეს მეზობლების წინააღმდეგ ომის წარმოების შესაძლებლობა", - ამბობს ევროპარლამენტარი.