თბილისის ცენტრში მომხდარ სისხლიან ინციდენტს ჯერ ბრალდებული არ ჰყავს. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა უცნობია. არაყიშვილის ქუჩაზე ათზე მეტი გასროლა ათეულობით მოწმისა და სათვალთვალო კამერის წინ მოხდა. პოლიციამ მოწმეების ძირითადი ნაწილი უკვე გამოკითხა. მათ შორის შემთხვევის ადგილთან მდებარე კომერციულ ობიექტებში დასაქმებულები, თუმცა თავდამსხმელები ჯერ არ დაუკავებიათ.
გამოძიებას აფერხებს ის, რომ არსებული ვერსიით თავდამსხმელებს, რომლებიც მოპედით მოძრაობდნენ, ეკეთათ ნიღბები და ეფარათ ჩაფხუტები.
რა იყო 25 წლამდე ასაკის ორ ახალგაზრდაზე თავდასხმის მოტივი - ამ დროისთვის არც ოფიციალური და არც არაოფიციალური ვერსიები არ გავრცელებულა, თუმცა თავად თავდასხმის ფორმა წინასწარ დაგეგმილ ანგარიშსწორებაზე მიანიშნებს. ერთ- ერთი დაჭრილის, სერგი ქურთიშვილის დედა "კურიერთან" დამნაშავეების დასჯის და დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
ქურთიშვილი, რომელსაც ფეხში გამჭოლი ჭრილობა აქვს ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში რჩება. მეორე დაჭრილი, რომელსაც ასევე ქვედა კიდურზე ჰქონდა შედარებით მსუბუქი დაზიანება ექიმებმა სახლში უკვე გაწერეს.
იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება და განზრახ მკვლელობის მცდელობა - ასე დაკვალიფიცირდა საქმე რომლის ფარგლებში პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.