27 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"მოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, მსოფლიო ლიდერებს რომ არ ეთამაშათ რუსეთთან და მართლა ეიძულებინათ ომის დასრულება" - ვოლოდიმირ ზელენსკი

მეგობრები უკვე მრავალი კვირაა, ვერ ათანხმებენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და აჭიანურებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მორიგი ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, ომი გაცილებით მალე დასრულდებოდა, მსოფლიო ლიდერებს შესაბამისად რომ ემოქმედათ და რუსეთისთვის ომის დასრულება ეიძულებინათ. ამის მიუხედავად, ზელენსკის მთავარი გზავნილია რომ ომის მიუხედავად უკრაინა იქნება დამოუკიდებელი და ის არ დაიშლება.

"მოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში არსებულ ვითარებას ისე განიხილავდა, როგორც თავისას, მსოფლიოს ლიდერებს რომ არ ეთამაშათ რუსეთთან და მართლა ეიძულებინათ ომის დასრულება.

რამდენი კვირაა, ევროკავშირი ცდილობს შეათანხმოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი. რუსეთი ამ დრომდე იღებს ევროპელებისგან დღეში თითქმის მილიარდ ევროს, ენერგორესურსების მიწოდებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი სანქციების მიღებას, მაგრამ საიდან გაუჩნდა ამდენი ძალა მათ, ვინც სანქციების მეექვსე პაკეტს ბლოკავს? რატომ აძლევენ მათ ამ დრომდე ამ ძალას, მათ შორის შიდაპოლიტიკურ პროცედურებში?

შეხედეთ, რამდენი კვირაა ვერ გაბედა მსოფლიომ რუსეთის საბანკო სისტემის დაბლოკვა,  ყველა ბანკის გამონაკლისის გარეშე, რათა აგრესორს ჩამოართვას შესაძლებლობა,  დააფინანსოს არა მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ ომი, არამედ განხეთქილებისა და კრიზისების შექმნის პოლიტიკაც მსოფლიოში.

უკვე რამდენიმე ხანია ვიბრძვით, რომ უკრაინას მისცენ აუცილებელი იარაღი, რათა შევძლოთ, შევცვალოთ ბრძოლის ხასიათი და დავიწყოთ მოძრაობა უფრო სწრაფად და გაბედულად ოკუპანტების განსადევნად. მათ შორის, საუბარი მაქვს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე, რომლებიც რეალურად გვჭირდება, რათა შევაჩეროთ ეს აგრესია.

დღეს, ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ხარკოვი. ამ დროისთვის დაღუპულთა სიაში ცხრა ადამიანია, 19 დაჭრილი - ყველა მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლეს 5 თვის ბავშვი და მამა, დედა მძიმე მდგომარეობაშია. ხარკოვში დაჭრილებს შორის არის ცხრა წლის გოგონაც", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები