27 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ქალს ადანაშაულებს - დანაშაულის დეტალები, რომელიც მამამ 11 წლის შვილის თვალწინ ჩაიდინა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ყოფილ ცოლს ადანაშაულებს. სანამ ყოფილი ქმრისგან სასიკვდილოდ გამეტებული ქალი სიცოცხლეს კლინიკაში ებრძვის, დამნაშავემ სავარაუდოდ, თავდაცვის სტრატეგია შეიმუშავა.

ლევან ასლანიშვილმა წარდგენილ ბრალზე დუმილი აღიარებით შეცვალა და ყოფილი ცოლი, არასრულწლოვანი შვილის მიმართ შემზარავ ქმედებაში დაადანაშაულა. ბავშვის შესახებ მის განცხადებას "კურიერი" შეგნებულად არ ასაჯაროებს. ჩადენილი ქმედების გასამართლებლად ბრალდებულმა ისიც თქვა, რომ მისი ყოფილი მეუღლის პირადი ცხოვრება არ მოსწონს.

ბრალდებულის მამა შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია მიუხედავად იმისა, რომ შემზარავ შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს.

ლევან ასლანიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყოფილ მეუღლეს თავს დანით მაშინ დაესხა, როდესაც ახალგაზრდა ქალს შვილი სკოლაში მიჰყავდა და ავტობუსს ელოდებოდა. არასრულწლოვანმა გოგონამ დედის დაცვა სცადა და მას გადაეფარა, თუმცა თავდამსხმელი არ ჩერდებოდა. გოგონამ გონება დაკარგა, მოძალადე კი, მეზობელმა შეაჩერა.

ბავშვს ნათესავები უვლიან, მას ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. "კურიერი" დაჭრილის დას ესაუბრა, რომელიც ყოფილ სიძეს არაერთ დანაშაულში ამხელს.

12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, თამარ ჭეიშვილი ქმარს რამდენიმე თვის წინ, მორიგი ძალადობის გამო დაშორდა. ლევან ასლანიშვილი მასზე ძალადობას განაგრძობდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, მამაკაცი თვენახევრის წინ დააკავეს, თუმცა 3 000 ლარიანი გირაოთი და შემაკავებელი ორდერით, რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ის ნარკოდანაშაულისთვის წარსულშიც ნასამართლევია.

გენდერული ნიშნით, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს მაქსიმალურ სასჯელად, უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები