27 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
სროლა თბილისის ცენტრში - ვინ არის მამაკაცი, რომელიც წუხელ, ვერაზე, ავტომატური იარაღით დაჭრეს

შანიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა 15-მდე გასროლის ხმა გვიან ღამით გაიგეს, დილით კი, მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრული დახვდათ. ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის გამო, ადგილზე გამომძიებელთა ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. სროლას შანიძის ქუჩაზე, წინ ხელჩართული ჩხუბი უძღოდა, რაც 33 წლის ბექა მახარაძის დაჭრით დასრულდა. მას ტყვია სავარაუდოდ ზურგიდან ესროლეს.

დაჭრილი ბექა მახარაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მან უწყება ერთი წლის წინ დატოვა. მახარაძის სახელი მედიაში პირველად მაშინ გაჟღერდა, როდესაც გიორგი რურუას საქმეზე მან სასამართლოს ჩვენება მისცა. ის უშუალოდ მონაწილეობდა 2019 წელს რურუას დაკავების და ჩხრეკის პროცესში. გამოძიება მახარაძის დაჭრის მოტივზე ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ფაქტი ყოფილი პოლიციელის წარსულ საქმიანობას არ უკავშირდება. დანაშაულის მიზეზი სავარაუდოდ თანხის გამო დაწყებული პირადი კონფლიქტია.

დაჭრილის ოჯახში მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. მეზობლებს კი არ აქვთ ინფორმაცია, თუ რის გამო ესროლეს 33 წლის მამაკაცს.

დაჭრილი ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას გადაუდებელი ოპერაცია გვიან ღამითვე ჩაუტარდა.

შანიძის ქუჩაზე დაპირისპირებაში, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. დაკითხეს მოწმეები და გაჩხრიკეს თავად ბექა მახარაძის ავტომობილი. ფაქტზე გამოძიება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

დღის ამბები