მსოფლიოს საწყობებში, ხორბლის მხოლოდ 10 კვირის მარაგი დარჩა. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოზე, სასურსათო უსაფრთხოების ექსპერტმა, აგრარული ანალიტიკური კომპანია Gro Intelligence-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სარა მენკერმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ომმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცეცხლზე ნავთი დაასხა.
"თავდაპირველად, მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ გამხდარა სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის მიზეზი, ამან უბრალოდ ნავთი დაასხა ცეცხლზე, რომელიც დიდი ხანია ენთო. კრიზისი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, მეტყველებს ჩვენი მიწოდების ჯაჭვების სისუსტეზე", - განაცხადა მენკერმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი ხვალვე დამთავრდება, შეთანხმებული ქმედებების გარეშე , სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოიხსნება.მენკერი აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში, სასურსათო რისკების ზონაში 400 მილიონამდე ადამიანი მოექცა
"დღეს, პირობები უარესია, ვიდრე 2007 და 2008 წლებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარცვლეულის მარაგი ამჟამად ყველაზე დაბალია, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ამასთან, სასუქზე ხელმისაწვდომობა მკაცრად შეზღუდულია და იმ რეგიონებში, სადაც ხორბალი მოჰყავთ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვებია. ანალოგიური პრობლემებია სიმინდსა და სხვა მარცვლეულებთანაც",- განაცხადა მენკერმა.
გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის დაბლოკვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთმა კატეგორიულად უარყო. ბლინკენი ამტკიცებს, რომ მოსკოვი ხორბალს ომის იარაღად იყენებს.
CNN-ის ცნობით, აშშ და ევროპა უკრაინიდან მარცვლეულის გადატანის გეგმებზე მუშაობენ. ამ პროცესში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა კანადამაც.
უკრაინა, ახლახან შეუერთდა სასურსათო უსაფრთხოების საგზაო რუკის ხელმოწერას და დააწესა ორი სახმელეთო მარშრუტი პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის.