27 ნოემბერი 2024,   17:01
ვრცლად
ქართველები, ისევე როგორც უკრაინელები, ყოველთვის ეტყვიან ხალხს, რომ არ სურთ ომი და არასტაბილურობა რეგიონში, მათ სურთ თავიანთი სუვერენიტეტის აღიარება და დემოკრატიული თავისუფლება - ჯონათან ჯანოგლი

დიდი ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანგოლი აცხადებს, რომ საქართველო ძალიან ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინას. ასევე ისაუბრა საქართველოს დიდ სურვილზე, რომ იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. 

"მეეჭვება, რომ გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ურთიერთობები ოდესმე ისეთი კარგი ყოფილიყო, როგორიც არის ახლა. "უორდროპის დიალოგის" ფარგლებში ჩატარებულმა დისკუსიებმა გააუმჯობესა ორმხრივი ურთიერთობები, დიპლომატიურ და საპარლამენტო დონეზე. საქართველოში ვიზიტის დროს, ჩვენ დავინახეთ ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაუმჯობესების დიდი პოტენციალი. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო არის დასავლეთისკენ მიმართული ქვეყანა, რომელსაც სურს, იყოს დასავლური ღირებულებებისა და ეკონომიკის მქონე თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების ფართო ოჯახის ნაწილი. ეს არის ახალგაზრდა დემოკრატია და მისი საზოგადოება გარკვეულწილად პოლიტიკურად პოლარიზებული, თუმცა ერთიანია. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას სურს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ფაქტობრივად, ეს ორივე მიზანი ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი.

საქართველომ, უკრაინის მსგავსად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა, რომელიც ეფუძნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არსებულ ასოცირების შეთანხმებას. ქართული საზოგადოებრივი აზრი დიდწილად მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას გადარჩენისა და თავისუფლებისთვის. თბილისში, ყოველ მესამე სახლზე, რომელიც ვნახე, უკრაინის დროშა ფრიალებდა და მხარდასაჭერად უზარმაზარი აქციები იმართებოდა. საქართველოს მთავრობა ძალიან ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინას. ისინი მხარს უჭერენ გაეროში ანტირუსულ წინადადებებს. მათ უკრაინას გაუგზავნეს ძალზედ მნიშვნელოვანი არასამხედრო დახმარება. საქართველომ დასავლეთის სანქციები პირდაპირ არ მიიღო, თუმცა ირიბად მიმართავს მას, მაგალითად ფინანსურ მომსახურებაში. ნება მომეცით განვაცხადო რაც აშკარაა - ქართველები, ისევე როგორც უკრაინელები, ყოველთვის ეტყვიან ხალხს, რომ მათ არ სურთ ომი და არ სურთ არასტაბილურობა მათ რეგიონში. მათ სურთ თავიანთი სუვერენიტეტის აღიარება და დემოკრატიული თავისუფლება, რათა ჩაებან ევროპულ ოჯახში, წაახალისონ თავისუფალი ვაჭრობა და გააუმჯობესონ თავიანთი ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონათან ჯანოგლიმ. 

ცნობისთვის, რუსული აგრესიის შესახებ თემთა პალატაში ბრიტანელმა კანონმდებლებმა ისაუბრეს. მათი განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობამ, საერთაშორისო კოლეგებთან ერთად, უნდა იმუშაოს საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის მომზადებას ნებისმიერი მომავალი აგრესიისთვის.

დღის ამბები