ქართული დელეგაცია დავოსში შეხვედრებს განაგრძობს. პრემიერ-მინისტრმა "სითი ბანკის" თავმჯდომარის მოადგილესთან საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდასაქმნელად მუშაობს და სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია.
პრემიერი თურქული კომპანია "ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირსაც შეხვდა. მთავრობის მეთაურმა "ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოში მიიწვია.
ბიზნეს სექტორთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია იყოს მოზიდული საქართველოში. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საჭიროა წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობა და თანამშრომლობის ფარგლებში საჭიროა ღია უშუალო მუშაობა. გარდა ამისა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი არის ქვეყანა გახდეს რეგიონული ჰაბი.
"ჩვენ გვქონდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინდურ ჯგუფთან შეხვედრა არდანისთან, მის მეპატრონესთან, რომელიც მსოფლიოში მე-5 ყველაზე მდიდარი ადამიანია და გააჩნია ბევრი მიმართულებით საქართველოში მოღვაწეობის ინტერესი. კომპანია დაინტერესებულია, როგორც ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებით, აქ საუბარია განახლებად ენერგიებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით არის დაინტერესებული. ვფიქრობ, რომ სამრეწველო კუთხითაც შეიძლება დაინტერესდნენ.
ასევე ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრები ფინანსურ სექტორთან, გვქონდა შეხვედრები "სითი ბანკის" და "მასტერ ქარდის" ხელმძღვანელობასთან. საუბარია საქართველოს, როგორც ფინანსური ჰაბის შესაძლებლობების განხილვაზე. ასევე საუბარი გვქონდა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობაზე, ინვესტირებაზე საქართველოს განახლებად ენერგიებში და ტურიზმის სექტორში თურქ ინვესტორებთან.
ვფიქრობ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარე ეკონომიკის აღდგენის პროცესი იმდენად საინტერესოა საერთაშორისო წამყვანი კომპანიებისთვის, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. საქართველოში გვაქვს პირველი კვარტლის შესაბამისად 14%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, მთავრობა მაქსიმალურად არის მოქნილი და გახსნილი , რომ ინვესტორებთან ვიმუშაოთ პირდაპირ და უშუალოდ,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი.