27 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ომის მომავალი კვირები რთული იქნება, ოკუპანტებს სურთ წაგვართვან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი რაც გვაქვს - ზელენსკი

ჩვენი ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში არის თავისუფალი მსოფლიოს ყველა ქვეყნის, საერთო ღირებულებების დაცვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ის კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინის მხრიდან პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების მოთხოვნა, მრავალი ადამიანის რეალური სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, ახლა ყველაზე რთული სიტუაცია დონბასშია. კერძოდ, რუსული ძალები აქტიურ იერიშს ახორციელებენ ბახმუტის, პოპასნაიასა და სევერო დონეცკის მიმართულებებზე. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იბრძოლოს და გაიმარჯვოს.

"ყოველდღე, ჩვენი ხალხისადმი მიმართვისას მე ხაზს ვუსვამ, რამდენად მძიმეა და რა ფასად გვიჯდება რუსეთის აგრესიისგან თავდაცვა. ოკუპანტები ჩვენს წინააღმდეგ ძალიან სასტიკ ომს აწარმოებენ. ასეთი ომი, ევროპულ კონტინენტზე ნამდვილად არ ყოფილა 77 წლის განმავლობაში. ეს არის ტოტალური ომი, როდესაც მტერი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ინფრასტრუქტურა გაანადგუროს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ გვჭირდება თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, თანამედროვე საბრძოლო ავიაცია, ჩვენ უბრალოდ ფორმალურ მოთხოვნას არ ვაგზავნით. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეს მოთხოვნა, არის მრავალი ადამიანის რეალური სიცოცხლე, რომლებიც არ დაიღუპებოდნენ, ჩვენ რომ მიგვეღო ყველა იარაღი, რომლისთვისაც მივმართავთ თხოვნით.

ჩვენი ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში, არის თავისუფალი მსოფლიოს ყველა ქვეყნის საერთო ღირებულებების, ჩვენი საერთო თავისუფლების დაცვა. თუკი ასეა, ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს სრული და გადაუდებელი დახმარების იმედი, უპირველეს ყოვლისა, იარაღით დახმარების.

ომის მომავალი კვირები რთული იქნება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს, მაგრამ ბრძოლის გარდა ალტერნატივა არ გვაქვს, იმიტომ რომ ოკუპანტებს სურთ წაგვართვან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი რაც გვაქვს, მათ შორის უკრაინელების სიცოცხლის უფლება," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები