უკრაინა რუსეთის აგრესიას თითქმის სამი თვეა უძლებს - ამ დროის განმავლობაში ომის სცენარი რამდენჯერმე შეიცვალა. რუსეთს ცოცხალი ძალის და ტექნიკის დიდი დანაკარგების და ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე არაერთი მიმართულებით უკან დახევა მოუწია, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს ნგრევა, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ომის დანაშაულები.
ხარკივში პოზიციების დათმობის შემდეგ ოკუპანტს ახლა განსაკუთრებული აქცენტი ლუჰანსკზე აქვს, სადაც სარაკეტო თუ საარტილერიო იერიშები არ წყდება. სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან 88-ე დღეს უკრაინის პირველი პირები ამბობენ, რომ ომი ახალ, რიგით მესამე და გადამწყვეტ ფაზაში გადადის.
ლუჰანსკის ოლქი კვლავ ოკუპანტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის. საარტილერიო და საავიაციო იერიში აქ მთელი ღამის განმავლობაში არ ჩერდება. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ოკუპანტებმა ცეცხლი 12 დასახლებას გაუხსნეს.
იმ ზონებში, სადაც ოკუპანტები ჯავშანტექნიკით და ცოცხალი ძალით ცდილობდნენ გადაადგილებას მტრის მოგერიება წარმატებით მოხერხდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით რამდენიმე ოლქში მტერს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს, როგორც ტექნიკის ისე ცოცხალი ძალის.
ოკუპანტებმა სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის არსებული ხიდი გაანადგურეს. მიზანი ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილებისთვის მეტი დაბრკოლების შექმნა და რეგიონის ბლოკირებაა. ხიდი დივერსანტებმა 2014 წლის ივლისშიც ააფეთქეს. მისი აღდგენა მხოლოდ ორი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის, ვილნიანსკის რაიონის სოფელზე. შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 7 მოქალაქე. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 3 ადამიანი დაიღუპა ხერსონის ოლქის სოფელ ბილოზერკის დაბომბვის შედეგად.
ღამემ მშვიდად ჩაიარა ოდესის ოლქში. თუმცა სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მტერი გადაჯგუფების პროცესშია. უახლოეს დღეებში კი მასშტაბური შეტევაა მოსალოდნელი, როგორც საზღვაო ფლოტის ისე ავიაციის მხრიდან. მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ოფიციალური კიევი ეხმაურება ზოგიერთი დასავლელი ლიდერის განცხადებას, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის აპარატში ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ რაც ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიას სრულად დატოვებენ.
უცვლელია ვითარება მარიუპოლში. საპორტო ქალაქს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. რაც შეეხებათ "აზოვსტალის" მებრძოლებს - მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ისინი ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალონ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსული ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ საკითხს ოფიციალური მოსკოვი შეისწავლის. უკრაინული მედიის ცნობით, ლეონიდ სლუცკიმ ამის შესახებ ოკუპირებულ დონეცკში განაცხადა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე აგრესორმა დაკარგა 29 050 ჯარისკაცი, 1 285 ტანკი, 599 საარტილერიო სისტემა, 204 თვითმფრინავი და 170 ვერტმფრენი.