27 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ჯართის გამო დაწყებული დავა, მკვლელობა და სამი ადამიანის დაჭრა კახეთში - პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც, შემთხვევით, საკუთარი შვილიც დაჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დავა, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 60 წლამდე ასაკის კაცმა, რომელიც ახლა ძებნაშია, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა მეზობელი კახა მჭედლიშვილი, დაჭრა მოკლულის ძმა, დედა და საკუთარი შვილიც.

დაზარალებული ოჯახის წევრები და ნათესავები მომხდარის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ. ახლობლები ჰყვებიან, რომ კონფლიქტი ჯართის თემაზე დაიწყო. როგორც ირკვევა კახა მჭედლიშვილმა მეზობელი სოსო გოგიაშვილი ჯართის მოპარვაში დაადანაშაულა და ამ თემაზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. თვითმხილველების მონათხრობით, მამაშვილ გოგიაშვილებსა და ძმებ მჭედლიშვილებს შორის ჩხუბი 21 მაისს, საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, თუმცა ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ კონფლიქტი არ ამოწურულა. სოსო გოგიაშვილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და მჭედლიშვილების ეზოში შეიარაღებული შევიდა. ესროლა ეზოში მყოფ ბადრი მჭედლიშვილს, რომელიც ახლა საავადმყოფოშია, შემდეგ კი საკუთარ სახლში გადაინაცვლა და ოთახში მყოფი კახა მჭედლიშვილის მისამართით გაისროლა. შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დედა ეთერ მჭედლიშვილი კი დაიჭრა. სოსო გოგიაშვილმა უმისამართო სროლის შედეგად, საკუთარი შვილი, 26 წლის გოჩა გოგიაშვილიც დაჭრა.

სოფელ აკურას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მეზობლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჯართის მოპარვის საკითხზე, ადრეც მომხდარა.

მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ ეჭვმიტანილის ნათესავები, რომლებიც სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. ისინი ადასტურებენ მხოლოდ ფაქტს, რომ სოსო გოგიაშვილს ძმები მჭედლიშვილები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, მკვლელობა ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

დღის ამბები