27 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ დისკუსია "საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი: ასოცირებიდან კანდიდატობამდე" გაიმართა

ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ დისკუსია "საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი: ასოცირებიდან კანდიდატობამდე" გაიმართა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ონლაინ დისკუსიის მიზანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის ეტაპების ანალიზი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარდგენილი განაცხადის ფარგლებში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის ორივე შევსებული ნაწილის მიმოხილვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურების განხილვა.

ონლაინ განხილვის მთავარი მომხსენებელი გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბუჯიაშვილი.

დისკუსიას მოდერატორობას უწევდნენ ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების დირექტორი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე.

"ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპული სივრცის შემადგენელი ნაწილი. იმისთვის რომ აღდგეს სრული სამართლიანობა, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილიც,"- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის დასაწყისში.

"მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისაკენ და პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნებს: უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას სჭირდებათ ევროპული პერსპექტივის გამოკვეთა და ევროინტეგრაციის გზაზე მეტი შესაძლებლობების მინიჭება."- განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ წარადგინა ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ციფრული დიპლომატიის ოფისის შექმნის აუცილებლობის შესახებ, რომელიც გააერთიანებს კრეატიულ, ციფრული უნარების მქონე დიპლომატებს. მისი თქმით, აღნიშნული ოფისის მიზანი იქნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიოს, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მოუთხრონ მეტი საქართველოს ისტორიის, კულტურის, მისი ევროპული ღირებულებების თაობაზე, რაც გააძლიერებს სტრატეგიულ კომუნიკაციას გარე აუდიტორიასთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ გაწეულ სამუშაო პროცესზე, რომელიც კითხვარის შევსებას უკავშირდებოდა. მან აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება, 24 საათიან სამუშაო რეჟიმში, აქტიურად იღებდა პროცესში მონაწილეობას და ჰქონდათ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხარდაჭერა.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაწინაურებულ სამ ქვეყანას, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გვაქვს საერთო მიზნები, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმებებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სივრცესა და ვიზალიბერალიზაციაში. ევროკავშირის გაფართოებისას უპირატესია ხოლმე რეგიონული მიდგომა და სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, გათვალისწინებული იქნება არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ამ სამი ქვეყნიდან რომელიმეს დატოვება არავისთვის წარმატების მომტანი არ იქნება და მხოლოდ რუსეთის ნარატივს გაამყარებს, რომელიც გამუდმებით ამბობს, რომ ჩვენ არავინ არსად მიგვიღებს," - განაცხადა დავით ბუჯიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ბუჯიაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მისიები თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა პარტნიორები დაარწმუნონ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. დავით ბუჯიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოსახლეობის უპირობო მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ პროცესს ზურგს უმაგრებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესისადმი, რომელიც მთლიან სამეზობლოში და რიგ ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი არის ძალიან მაღალი და მოსახლეობის 82% შეადგენს. მისი განმარტებით, საგარეო კომუნიკაციასთან ერთად უმნიშვნელოვანესია შიდა კომუნიკაციის ფაქტორი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია და რეალისტური მოლოდინები.

"ჩემი აზრით, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება სწორი გადაწყვეტილება, რადგან საქართველოსაც არანაკლები ფასი აქვს გადახდილი 2008 წლის ომისა და მრავალწლიანი ოკუპაციის სახით. საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ისეთი მაღალია, როგორიც ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაშიც კი არ არის. ასევე, დღეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის მთავარი პრიორიტეტი არის ახალი ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიება და ამ მხრივაც საქართველოს ფაქტორი, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სტრატეგიულია," - განაცხადა დავით ბუჯიაშვილმა.

დისკუსიის შეჯამებისას ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებისას გამოვლენილ არაჯანსაღ პროცესებზე, რომლებიც ყველასთვის მხოლოდ ზიანის მომტანია.

იხილეთ ონლაინ დისკუსია სრულად: https://bit.ly/3LqN6pv

დღის ამბები