27 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ევაკუაცია "აზოვსტალიდან" - ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი "აზოველების" საბოლოო ბედი ისევ გაურკვეველია

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მარიუპოლის მცველების საბოლოო ბედი ისევ გაურკვეველია. რუსული პროპაგანდა და ოფიციალური უწყებები ირწმუნებიან, რომ "აზოვსტალში" გამაგრებული უკრაინელი სამხედროები, ტყვედ ჩაბარებას განაგრძობენ. მოსკოვის მტკიცებით, ე.წ. საფილტრაციო ბანაკებში უკვე 1700 უკრაინელი ჰყავთ გამოკეტილი, მათ შორის 80 დაჭრილი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინელი ბლოგერები - ისინი ამბობენ, რომ "აზოვსტალის" მცველები, როსტოვის ოლქში მდებარე ციხეში ჰყავთ, სადაც შესაძლოა მათ აწამებენ კიდეც.

​კიევი კი ქარხნიდან გამოყვანილ სამხედროებთან დაკავშირებით ისევ დუმს. ერთადერთი, რასაც უკრაინის თავდაცვის უწყება ამბობს არის ის, რომ საზოგადოებამ "აზოველებზე" ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.

"აზოვსტალიდან" უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციაში ჩართულია "წითელი ჯვარიც", რომელმაც დღის მეორე ნახევარში გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ტყვეობაში მყოფი "აზოველების", მათ შორის დაჭრილების აღრიცხვა დაიწყო. საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ეტაპზე თავს იკავებს თქვას, თუ როდის შეიძლება ტყვეები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.

დამცველების ევაკუაცია, როგორც ამას კიევში უწოდებენ, კრემლისთვის ე.წ "ბოევიკების ჩაბარების" პროცესია - ის მარიუპოლში 16 მაისს დაიწყო. თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, რომელსაც რუსეთის ძალოვანი უწყება ავრცელებდა, ადგილზე 2500–ზე მეტი სამხედრო იყო. კონკრეტულად, რამდენი ჯარისკაცი რჩება ამჟამად "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები