27 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ლიდერები სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, დერეკ შოლეს შეხვდნენ

მართლმსაჯულების მიმართულებით არსებული გამოწვევები, გახმაურებული საქმეები, მათ შორის ნიკა გვარამიას დაკავება და დემოკრატიის ხარისხი ,-  ამ თემებზე ისაუბრეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან. შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, სტრატეგიულ პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ სრულად ფლობენ ინფორმაციას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, არა უბრალოდ ისმენენ იმ პოზიციებს, რომლებიც ჩენ გაგვაჩნია პარტიების თავმჯდომარეებს ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მე ეჭვი არ მეპარება რომ კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული ქმედებები იქნება მათ მხრიდან გადადგმული. როდესაც შენ გაქვს მიტაცებული სახელმწიფო, აღარ არსებობს მაგიდაზე ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შენ მშვიდობიანად და დემოკრატიული მეთოდებით შეცვლი ხელისუფლებას და ესეც ძალიან კარგად ესმით”, - ამბობს ნიკა მელია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეფასება პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

"ჩვენ ვთხოვეთ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ არ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო. მოსახლეობა, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს" , - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტნიორები პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებით დაინტერესდნენ. 

"აინტერესებდათ ყველა პოლიტიკური პარტიის მოსაზრება და იქ მგონი შვიდი თუ რვა პარტია ვიყავით წარმოდგენილი და სათითაოდ მოუსმინა ყველას. აინტერესებდათ, რა შეიძლება ამერიკამ გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი მხრიდან პოზიციები დაფიქსირებული”, - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური მრჩეველი საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება. დერეკ შოლესი თბილისის დღეს დატოვებს და ლონდონში გაემგზავრება. 

დღის ამბები