27 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
როგორია Amnesty International-ის გამოხმაურება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით - საერთაშორისო ორგანიზაცია ქართულ სასამართლოს აკრიტიკებს

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და ქართულ სასამართლოს აკრიტიკებს. "ამნესთი ინთერნეიშენალი" მედიამენეჯერის დაკავებას მედიაზე შეტევად აფასებს, რასაც ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, მართლმსაჯულების გადაწყვეტილება ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმაა.

საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკას არასამთავრობოებისა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას უკავშირებენ მმართველ გუნდში. დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა "რუსთავი 2-ის" საქმეზე საქართველოსა და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. კანონმდებლების თქმით, 2017 წელსაც დასავლეთიდან კრიტიკა ისმოდა, თუმცა პასუხი ყველა კითხვას მაშინ ევროპულმა სასამართლომ გასცა.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის ოფისის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის მიმართ გამოტანილი სასამართლო განაჩენი მედიაპლურალისტური გარემოსთვის დამაზიანებელია. "ამნესთი ინთერნეიშენალის" პათოსს სასამართლოს მიმართ იზიარებს ოპოზიციური სპექტრიც.

ნიკა გვარამიას საქმის გამო სასამართლო სისტემის კრიტიკოსებს, დღეს მმართველი გუნდის წევრებმა 2017 წელიც შეახსენეს. საუბარია "რუსთავი 2-ის" კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებაზე, რასაც "ოცნების" დეპუტატების თქმით, როგორც ქართული, ისე დასავლური პოლიტიკური წრეებიდან მაშინ არაერთი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. 2 წელიწადში კი სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, რომელმაც ძალაში დატოვა ქართული სასამართლოს განაჩენი - საქმის პოლიტიკურ სარჩულზე არგუმენტები გააქარწყლა და უფრო მეტიც, გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩაწერა, რომ საქმის მოსამართლის მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატურ შეურაცხმყოფელ თავდასხმებს, არხის იმდროინდელი დირექტორის მხრიდან.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოწოდებას, რომ მოსამართლის მიმართ ბულინგი შეწყდეს, ტექნიკურ დეტალს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში ამბობენ, რომ ტელეკომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება საქმის შეფასების შინაარსობრივ ნაწილს არ ცვლის.

ის, რაც ოპოზიციისთვის პროცედურულ დეტალებზე მიღებული გადაწყვეტილებაა, კანონის უზენაესობის აღსრულების მაჩვენებელია იუსტიციის ყოფილი მინისტრისთვის. თეა წულუკიანმა დღეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ გაიხსენა და განმარტა, რომ არასამთავრობოებისა და ოპოზიციის ერთადერთ მიზანს მაშინაც საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა წარმოადგენდა.

"რუსთავი 2-ის" საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას სტრასბურგის სასამართლომ ერთხელ უკვე უპასუხა. უცნობია აპირებს თუ არა ნიკა გვარამიას დაცვის მხარე დავის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელებას

დღის ამბები