27 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
შედგება თუ არა ოპოზიციური ბოიკოტი გვარამიას თავისუფლებისთვის და რატომ არ სჯერა "ოცნებას" ამ საკითხზე ოპონენტების ერთიანობის

პარლამენტს გარეთ დარჩენილების შემდეგ, ოპოზიციას მანდატების დატოვებისკენ პარლამენტში მყოფებიც მოუწოდებენ. მიზეზი, ამჯერად, ნიკა გვარამიას დაკავებაა. ბოიკოტი აქტუალური ისევ "ნაციონალურმა მოძრაობამ", კონკრეტულად კი - მისმა ერთ-ერთმა წევრმა გახადა. ნონა მამულაშვილი განმარტავს, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა და გუნდში საკითხზე ისევ აზრთა სხვადასხვაობაა, რასაც არ მალავენ პარტიის სხვა წევრებიც.

ოპოზიციამ უკვე გადაწყვიტა, რომ პარლამენტიდან გასვლა, გვარამიას გათავისუფლებისთვის ეფექტური ვერ იქნება. პოლიტიკურ ძალებში მიაჩნიათ, რომ საერთო სტრატეგიამდე ჯერ საერთო მიზანზე უნდა ჩამოყალიბდნენ. პარტიების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ეს თემა შესაძლოა დაპირისპირების საგანიც გახდეს.

მანდატების დატოვების იდეას, დღეს მხოლოდ ერთი მომხრე ჰყავდა - შალვა ნათელაშვილი, რომელმაც პარლამენტი თავის დროზე უკვე დატოვა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ოპოზიციას გაერთიანებისთვის ისევ საკუთარი ოფისი შესთავაზა.

ოპოზიციის ბოიკოტს არასერიოზულად აფასებს მმართველი გუნდი, სადაც ოპონენტებს დღეს რამდენჯერმე ნაცადი მეთოდის შედეგები შეახსენეს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პარლამენტის დატოვებას დღეს საფუძველი არ აქვს და რომ ასეთი მიდგომები ქვეყანაში პოლარიზაციას მეტად გააღრმავებს.

როგორ აპირებს ოპოზიცია "მთავარი არხის" დამფუძნებლის გათავისუფლებას - კონსულტაციები გრძელდება, თუმცა სტრატეგია რომ პარლამენტის დატოვება ვერ იქნება, ამაზე პარტიები თავად საუბრობენ. პოლიტიკური ძალები ტაქტიკის მთავარ ნაწილად, ისევ აქციებს და პარტნიორებთან კომუნიკაციას განიხილავენ.

დღის ამბები