ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. საუბარი შეეხება უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემას.
მინისტრები ისაუბრებენ ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკასა და შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე. შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი.
მანამდე კი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი საკითხია:
"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. საქართველოს წევრობა მნიშვნელოვანი საკითხია, კომისია ამზადებს საკუთარ მოსაზრებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რამდენადაც შეგვიძლია, რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს. ჩვენ ვიცით რომ საქართველო და მოლდოვა გრძნობენ რუსეთის საფრთხის. ჩვენ მზად ვიქნებით მათ მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინასთან. საბედნიეროდ ამ ქვეყნებში ომი არ არის,"- აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი.
ავსტრიის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ ავსტრიას, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს, ავსტრიას, უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ არალეტალური იარაღის, განსაკუთრებით კი თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებით შეუძლია:
"უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის დაწყების დღესვე, ავსტრიამ ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია, სადაც ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ავსტრიის თავდაცვის გაძლიერება და შეიარაღებული ძალების მოდერნიზება უნდა განხორციელდეს. ავსტრიის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას, რადგან მოგეხსენებათ, რომ შვედეთისა და ფინეთისგან განსხვავებით, ავსტრიის ნეიტრალიტეტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია მოქცეული, აღნიშნულ ქვეყნებს კი ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მისაღებად მეტი თავისუფლება აქვთ. როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს, ავსტრიას, უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ არალეტალური იარაღის, განსაკუთრებით კი თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებით შეუძლია და ჩვენ ამას აქტიურად ვაკეთებთ,"- აღნიშნავს ავსტრიის თავდაცვის მინისტრი კლაუდია ტანერი.
ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, უკრაინის კონფლიქტისთვის შემდგომი კვირები გადამწყვეტი იქნება და ბრიუსელში შეხვედრაზე სწორედ ის საკითხი იქნება განხილული, თუ როგორ შეძლებენ ქვეყნები უკრაინის დახმარებას:
"გვექნება დისკუსია უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია უკრაინის დახმარება თავდაცვის მიმართულებით, რადგან უკრაინის კონფლიქტისთვის შემდგომი კვირები გადამწყვეტი იქნება. მე ვფიქრობ, რომ თურქეთმა გონიერება უნდა გამოიჩინოს და დაინახოს, რომ შვედეთისა და ფინეთის სახით ნატოს ორი ევროპული დემოკრატიული ქვეყანა შეუერთდება და ეს ნამდვილად გააძლიერებს ალიანსს. ვფიქრობ, ფინეთს და შვედეთს ნატოში თავიანთი ადგილი უნდა ჰქონდეთ და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო საათებში სიტუაცია მეტად გაირკვევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას,"- აცხადებს ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრი ფრანსუა ბაუსი.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ ფორმატში, უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელსაც მოუსმენენ.