27 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
"ჩვენ ვხედავთ საშინელ სისასტიკეს და ომის დანაშაულებს, მასობრივ საფლავებში დამარხულ ბავშვებს, მილიონობით ლტოლვილს" - ჯო ბაიდენი უკრაინის ომზე 

ამერიკის შეერთებული შტატები და საბერძნეთი, უკრაინას ეხმარებიან უთხრას რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში. ჯო ბაიდენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას უკრაინის საკითხზეც ისაუბრა. შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა პარტნიორებთან ერთად ეხმარება უკრაინას და რუსეთს მძიმე ეკონომიკურ ფასს აკისრებს. ბაიდენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

"ჩვენ ვხედავთ საშინელ სისასტიკეს და ომის დანაშაულებს, მასობრივ საფლავებში დამარხულ ბავშვებს, მილიონობით ლტოლვილს, რომლებიც პუტინის ომს გაექცნენ. შეერთებული შტატები დგას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთს აკისრებენ მძიმე ეკონომიკურ ფასს, რათა პუტინს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მორალური გამბედაობისთვის და სიცხადისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ამ კრიზისის დასაწყისიდან: დაუყონებლივ დაგმეთ რუსეთის აგრესია, მიიღეთ უკრაინელი ლტოლვილები.

ჩვენ ერთად ვაჩვენებთ დემოკრატიების ძალასა და შესაძლებლობებს, შეძლონ ერთიანი მოქმედება. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს უთხრან "არა" რუსეთის აგრესიას და ჩვენ ვეუბნებით "არას" ტირანიას და იმ იდეას, რომ 21-ე საუკუნეში ავტოკრატია დემოკრატიებს უკან ჩამოიტოვებს, რადგან ჩემი აზრით, ეს სასწორზე დგას," - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

საბერძნეთის პრემიერის განცხადებით კი, საბერძნეთი მხარს უჭერდა უკრაინას თავიდანვე და ასეც გაგრძელდება: 

"უკრაინაში ომი, რუსეთის შეჭრა არის შემზარავი შეხსენება იმისა, რომ რუკების ძალით გადაწერა შეუძლებელი იყო - სამწუხაროდ, ასე აღარ არის.

ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებით. ჩვენ ეს გავაკეთეთ პრინციპული მიზეზების გამო, ასევე მსოფლიო წესრიგის დასაცავად, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემის წინაპირობაზე.

ნეოიმპერიული ფანტაზიები სხვა საუკუნეებს ეკუთვნის. მათ არ უნდა მიაღწიონ წარმატებას. ამან მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს სხვა ავტორიტარულ ლიდერებს, რომ სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას მოჰყვება ერთიანი და მძლავრი პასუხი.

ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ევროპა და შეერთებული შტატები ამ ბრძოლაში მხარდამხარ დგანან. რასაც ჩვენ ვიცავთ, არის ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ლიბერალური დემოკრატიების საფუძველში დევს,"- აღნიშნა საბერძნეთის პრემიერმა. 



დღის ამბები