ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე ისევ ვერ თანხმდებიან. ქვეყნების ნაწილი რუსეთიდან ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში აცხადებს, რომ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და დისკუსიები გაგრძელდება. ჯოზეფ ბორელის თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მოიხსნას.
"ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რათა შეჭრის ფასი კრემლისთვის აუტანელი გავხადოთ. ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას და სამწუხაროდ, დღეს ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა სანქციების მეექვსე პაკეტის დასასრულებლად. საკითხი დაუბრუნდება ევროკავშირის ელჩების მოლაპარაკებების შეხვედრას და ელჩები გააგრძელებენ განხილვას. სირთულეები გვაქვს ნავთობის აკრძალვის საკითხზე ერთსულოვნებასთან დაკავშირებით.
ერთი რამ ცხადია. ვფიქრობ, საბჭოში ყველასთვის ნათელია, რომ უნდა მოვიშოროთ ევროკავშირის ენერგო დამოკიდებულება რუსეთიდან შემოსულ ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე. ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ძლიერ დამოკიდებულებას, რომელიც ძალიან დაუცველებს გვხდის. დისკუსია გაგრძელდება, რათა ვიცოდეთ, როგორ, როდის და რის ხარჯზე მოხდება ეს თითოეული წევრი ქვეყნისთვის, მაგრამ დღეს შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო," - აცხადებს ჯოზეეფ ბორელი.