27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
რამდენიმე მედიასაშუალებამ, ნიკა გვარამიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და დასავლელ პარტნიორებს მიმართა

"მთავარი არხის", "ფორმულას", "ტვ პირველისა" და "კავკასიის" წარმომადგენლები, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ. კომპანიის წარმომადგენლებმა ერთობილივი განცხადება გაავრცელეს. 

მედიის ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს დამოუკიდებელი მედიის, მთავარი არხის დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაჭერასთან დაკავშირებით:

- ნიკა გვარამიას დაჭერა არის პირდაპირი, დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული, ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანა და ის იმართება პუტინის მეთოდებით.

- ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და ნატოზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფონზე. ასევე, ოცნების რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამიას დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია.

- ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის, მთავარი არხის ან ერთი ადამიანის საკითხი. ეს არის მთლიანად ქართული მედიის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის საქმე.

- ჩვენ, ოპოზიციური მედია, ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მხარს ვუჭერთ დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე.

- თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ქვეყანის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური დახმარება.

- მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი, ქვეყანა მიტაცებულია და იმართება, უკვე დაუფარავად, რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას.

- ჩვენ გამოვიარეთ და გავუძელით ყველანაირ ჩაგვრას, ზეწოლას. ფაქტია, რომ ოლიგარქი არ ჩერდება და მორიგ ჯერზე ოფიციალურად გაფორმდა ავტოკრატია.

- ქართველი ხალხის და ჩვენი, კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს.

- ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები