27 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგია, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს - პრემიერ-მინისტრი

"ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს", - განცხადება ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მინისტრს ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის წარდგენა დაავალა.

"ფქვილის მოწოდების მხრივ, არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ხორბლის შემოტანის და მომარაგების საკითხებს, ამასთან მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია დარგთან. ჩვენ არა ერთი შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ გადაწყვეტის გზებზე, თუმცა ის შემოთავაზებები, რაც იყო გაკეთებული ვფიქრობთ, რომ არ არის მისაღები, ვინაიდან ეს ცალსახად გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს პურის ფასში. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულისა და ხორბლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ამ საკითხის დარეგულირებაში კიდევ არის სამუშაო," - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

მთავრობის მეთაურმა ოთარ შამუგიასგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ განმარტა, რომ ბიზნესწრეების მოთხოვნა ფქვილზე გადასახადი დაწესდეს, პურის ფასის ზრდას გამოიწვევს, რაც მიუღებელია, შესაბამისად, მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"დარგის წარმომადგენლები ითხოვენ გადასახადების შემოღებას ფქვილზე, რაც რა თქმა უნდა გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესში არ შედის და არც ჩვენი ხალხის, მოსახლეობის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი ვფიქრობ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული. არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგები არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგებიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც 1-1.5 თვეში ჩვენ უკვე საკუთარი ხორბლის მოსავალს ავიღებთ. არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო და ეს გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები