27 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტერიალი - ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის გადასარჩენად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის გადასარჩენად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.  ბრიუსელში კარგად გრძნობენ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი მსოფლიო წესრიგს უქმნის. ევროპის ერთიანობას მინისტერიალის მონაწილეები, საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ძლიერ გზავნილად აღიქვამენ. პირველი დიპლომატების შეხვედრაზე  სანქციების მეექვსე პაკეტის საკითხიც განიხილეს, რომელზეც ქვეყნებს ჯერ კონსესუსი მიღწეული არ აქვთ. ახალი სანქციების მთავარი პუნქტი, რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების ეტაპობრივად შემცირება, შემდეგ კი მასზე სრული უარის თქმაა.

დღეს, ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიწვიეს. დმიტრო კულებამ ევროპელ კოლეგებს უკრაინაში არსებული ვითარება გააცნო და პარტნიორები არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

უკრაინის პარალელურად მინისტერიალზე შეკრებილებმა არ დაივიწყეს ის ქვეყნები, რომლებიც ამ დრომდე ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა ამის მიუხედავად ევროპულ ოჯახში მოიაზრებიან. საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროპულ მომავალს მიესალმებიან.

ევროპელი პოლიტიკოსები ბრიუსელში ხვალ, კვლავ შეიკრიბებიან. საგარეო უწყების ხელმძღვანელები ამჯერად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.

 

 

 

დღის ამბები