27 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ოპოზიცია მას პოლიტპატიმრად, ხელისუფლება კი დამნაშავედ მიიჩნევს - პოლიტიკური შეფასებები გვარამიას საქმესთან დაკავშირებით

ნიკა გვარამიას დაკავება დღეს პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაც გახდა - "ნაციონალური მოძრაობა", რომლის მხარდაჭერას გვარამია სატელევიზიო ეთერით ღიად გამოხატავდა, "მთავარი" არხის დამფუძნებელს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციური არხის დევნად აფასებს.

განაჩენს პოლიტიკურს უწოდებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, მათი ნაწილი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციური არხის მენეჯერის დაკავება, ზიანს მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.  ოპოზიცია დღეს ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც სასამართლოს გადაწყვეტილებამ კითხვები გაუჩინა, განაჩენის მიუკერძოებლობაში ეჭვი ეპარება ამერიკის საელჩოსაც.

ოპოზიციისგან და საელჩოსგან განსხვავებით, ნიკა გვარამიას საქმეში პოლიტიკურ მოტივებსა და გავლენებს გამორიცხავენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნება" ყურადღებას საქმის სამართლებრივ ნაწილზე ამახვილებს და აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პასუხია ყველა კითხვაზე, რომელიც ოპონენტების მხრიდან ისმის.

პოლიტიკური ნიშნით დევნა და უსამართლო გადაწყვეტილება ეს ის პირველი შეფასებებია, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოს ეზოში, ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან გაკეთდა. ისინი "მთავარი" არხის დამფუძნებლის გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობენ. ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზეც ამახვილებს ყურადღებას და ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ამ პროცეზე გავლენა მოახდინოს.

სტრატეგიაზე სასაუბროდ, დღის ბოლოს, პოლიტიკოსებისა და მედია ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა უნდა იყოს ახლა მათი გეგმა ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად.

გვარამიას გათავისუფლება ნაკლებად რეალისტურად წარმოუდგენიათ მმართველ პარტიაში. ასევე არ ეთანხმებიან შეფასებას, რომ "მთავარი" არხის ხელმძღვანელის დაკავება, რაიმე ფორმით ევროინეგრაცაზე აისახება. ამბობენ, რომ ის, რის გამოც ნიკა გვარამია დააკავეს, მედია საქმიანობისა და პოლიტიკისგან შორსაა. სახელისუფლებო გუნდში კონკრეტულ ეკონომიკურ დანაშაულზე აკეთებენ აქცენტს და პოლიტიკურ დევნაზე საუბარს, მანიპულაციას უწოდებენ.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ამერიკის საელჩომაც შეაფასა. პარტნიორი ქვეყნის პოზიციაა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონი, რომ ყველასთვის ერთნაირად უნდა აღსრულდეს, ამის აუცილებლობაზე დღეს "ქართულ ოცნებაში" არაერთხელ ისაუბრეს და წარსულიც გაიხსენეს.

ნიკა გვარამიას დაკავებიდან მალევე, ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტს მისი შეწყალებისკენ მოუწოდა. გამოიყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი კანონით მინიჭებულ დისკრეციას ჯერ უცნობია - მაზე განმარტება არ გაუკეთებია პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

პრეზიდენტის პოზიციის შესახებ ინფორმაცია არც მმართველ გუნდს აქვს, თუმცა ამბობენ, რომ მოლოდინი, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეიწყალებასთან დაკავშირებით, ნაკლებად აქვთ.

3, წელი და 6 თვე - სწორედ ამ ვადით განსაზღვრა მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასჯელი. "მთავარი" არხის დამფუძნებლის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები გამოვიდნენ ბათუმში, ქუთაისსა და გორში.

ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

დღის ამბები