27 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
"კიდურებამპუტირებული ადამიანები ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარეშე არიან" - "აზოვის" მებრძოლებთა ოჯახები მიმართვას ავრცელებენ

ცოტა ხნის წინ, მარიუპოლის დამცველების ოჯახის წევრებმა მორიგი პრესკონფერენცია გამართეს.

"აზოვის" მებრძოლთა ოჯახები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ. მათი თქმით, აუცილებელია "აზოვსტალიდან" დაჭრილების ევაკუაცია.

"ანტიბიოტიკები შეზღუდული რაოდენობით აქვთ, განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებისთვის. კიდურებამპუტირებული ადამიანები ანტიბიოტიკების და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარეშე არიან. მძიმედ დაჭრილები უბრალოდ იტანენ ტკივილებს", - განაცხადა "აზოვის" მეთაურის დენის პროკოპენკოს მეუღლემ, ეკატერინე პროკოპენკომ.

"დაჭრილთა რიცხვი ყოველდღიურად იცვლება. აქამდე ვიცოდით, რომ დაშავებული იყო 700-მდე მებრძოლი, ნაწილი გარდაიცვალა. რა ვითარებაა ახლა, წარმოდგენა არ გვაქვს. ბუნებრივია, პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამხედროების ევაკუაცია, რომლებიც სამედიცინო დახმარების გარეშე დაიღუპებიან უახლოეს საათებში, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ყველა მათგანის გამოყვანას, რადგან ახალ ავიაიერიშის შემდეგ, კიდევ უამრავი მებრძოლი დაიჭრება," - აღნიშნა ანა ნაუმენკომ.

ამასთან, მძიმე რჩება მარიუპოლში ვითარება. მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრე ანდრიუშენკო ამბობს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაბუნებრივად მაღალია.

"მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას შორის, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაბუნებრივად მაღალია, შუახნის ბევრი ადამიანი იღუპება. სამწუხაროდ, გარდაცვლილთა ნაკადი არ მცირდება. მსხვერპლის რაოდენობის ზრდის მიზეზი არის არა მხოლოდ სამხედრო თავდასხმები, არამედ ოკუპაციის შედეგებით გამოწვეული ნერვული აშლილობა, სამედიცინო მომსახურების არქონა, ანტისანიტარია და შიმშილის გამო დანგრეული იმუნიტეტი - ეს არის მარიუპოლის აპოკალიფსის ოთხი ფაქტორი. მხოლოდ ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარება იქნება ხსნა რუსეთის ტყვეობაში მყოფი მარიუპოლელებისთვის",- წერს პეტრე ანდრიუშენკო "ტელეგრამ" გვერდზე.

გარდა ამისა, აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, რუსები პოზიციებს კვლავ ბომბავენ, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები რიგ შემთხვევებში წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებენ. ეს განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებას ეხება. ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლების პარალელურად, სულ უფრო მეტი უკრაინელი ბრუნდება სამშობლოში.

დღის ამბები