27 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია და მისი შედეგები - ხვალ გერმანია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს უმასპინძლებს

ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში არაფორმალური შეხვედრისთვის იკრიბებიან. გერმანიაში მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრების გამართვის მიზეზი უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია და მისი შედეგებია. 30 ქვეყნის პირველმა დიპლომატმა რუსეთის მიერ წარმოქმნილ კრიზისთან გასამკლავებლად, ხანგრძლივი სტრატეგიის შემუშავებაზე უნდა იმსჯელონ.

პარალელურად, შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებს აგრძელებენ. დიდი შვიდეულის სამიტზე დიპლომატებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის გვერდით  საბოლოო გამარჯვებამდე იქნებიან. კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის რესურსების გამოყოფა, აგრესორისთვის ჩამორთმეული და გაყიდული აქტივებიდან უნდა მოხდეს.

სანამ ჩრდილოეთ გერმანიაში უკრაინის დასახმარებლად შეხვედრები მიმდინარეობს, კიევი პარტნიორი სახელმწიფოებიდან სტუმრებს იღებს. უკრაინაში სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატად ამჯერად აშშ-ის სენატის დელეგაცია ჩავიდა.

უკრაინაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულების გამო პუტინის გარემოცვა არაერთი დასავლური სახელმწიფოს შავ სიაში ხვდება. დამატებითი სანქციები პუტინის მეგობარ ქალს, ყოფილ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასა და მის ბებიას ამჯერად დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა. შავ სიაში მოხვდა რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლიც, ასევე მათი ქალიშვილების ნათესავები. სანქცირებულთა აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება და ისინი ვერც ქვეყანაში შესვლას შეძლებენ. ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ამიტომ მას ვერანაირი სანქცია მიზანს ვერ შეაცვლევინებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ თუ ევროკავშირი უკრაინას მიიღებს, ეს ევროპული გაერთიანების დასასრული იქნება. მოსკოვის რიტორიკა აგრესიულია ფინეთის მიმართაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ნატოში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა. ამ საკითხზე დღეს სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და ფინეთის პირველ პირებს შორის. პუტინმა ფინელი კოლეგა გააფრთხილა, რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკის უარყოფა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედებს. პრეზიდენტმა ნიინისტომ კი რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში განაცხადა, რომ ფინეთის ნეიტრალური პოლიტიკის რადიკალური ცვლილების მიზეზი რუსეთის აგრესიული ქმედებებია.

დღის ამბები