ვლადიმერ პუტინი სამეზობლოში ღიად ემუქრება ყველას, ვისაც ევროპული სურვილები აქვს და ვინც ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გაიხედავს. მოსკოვის პოლიტიკური მადა რომ გაიზარდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ კრემლი მხოლოდ ნატოს არ დასჯერდა და ახლა კიევის ევროკავშირში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება. მსოფლიოს რუსი დიპლომატის ენით პუტინმა ისიც შეახსენა, რომ ბირთვული საფრთხე კვლავ ძალაშია.
კრემლის მორიგი მუქარა კიევს აღარ აშინებს. ოფიციალური პირებისთვის კი კრემლის პოზიცია თვალთმაქცობაა.
უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარის შევსება გასულ თვეში დაასრულა. მოსკოვმა კი კიევს სამი თვის წინ ომი იმის გამო გამოუცხადა, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანების ამბიცია გაუჩნდა.
ნატოში განაცხადის შემდეგ რუსეთმა ფინეთს უკვე გაუგზავნა ღია მუქარა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტდა, ფინეთმა კი გაზის შეძენის ალტერნატიულ გზებზე ფიქრი უკვე დაიწყო. ბალტიის ქვეყნების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს ფინეთის საზღვრიდანაც მალე მიუახლოვდება. განაცხადი გაკეთებულია, ჰელსინკი ნატოსგან დადებით პასუხს ელოდება. ფინეთს, რომლის ტერიტორიის 11 პროცენტი რუსეთმა 83 წლის წინ მიიტაცა, დღემდე ნეიტრალური სტატუსი ჰქონდა. ნატოს კარის გაღებას ელის შვედეთიც, საიდანაც პუტინს უკვე შეუთვალეს, რომ აგრესიაზე პასუხი ექნებათ.
ნატო მზად არის, შვედეთსა და ფინეთს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დაჩქარებული წესით მიანიჭოს. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ალიანსის 30-ვე სახელმწიფოს პარლამენტები მიიღებენ. სანამ ნატოში გაფართოების საკითხზე მსჯელობენ, პუტინი საკუთარ ხელქვეითებთან ერთად განხილვას ფინეთისა და შვედეთიდან მომდინარე საფრთხეებს.
დღის ბოლოს ისიც გაირკვა, რომ შავი ზღვის რეგიონის ყველაზე გავლენიანი ლიდერი, თურქეთის პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკური ამბიციებისთვის შეიძლება პუტინმა მკაცრად დასაჯოს, მოლდოვაა. თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში რუსული არმიის 3 ათასიანი კონტიგენტი უკვე დგას. მალე შესაძლოა ევროპის პოლიტიკური და სამხედრო რუქა მნიშვნელოვნად შეიცვალოს.