27 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
პირველ რუს სამხედროს, რომელიც მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობისთვის კიევის სასამართლოზე დღეს წარსდგა, უვადო პატიმრობა ემუქრება - ომის დამნაშავე 21 წლის ვადიმ შიშიმარინია

მარტის თვეში კიევის ოლქში, დედაქალაქიდან დასავლეთით, სოფლების მოტიჟინისა და იასნოჰოროდკას გზაზე, დაიბომბა მანქანები, რომლითაც მშვიდობიანი მოსახლეობა ომისგან გაქცევას ცდილობდა. ამ პერიოდში რუსული არმიის ამოცანა დედაქალაქის ბლოკირება იყო და როგორც აღმოჩნდა, სამხედრო გეგმაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაც შევიდა. ბოლო 24 საათში, გზაზე, რომელიც აქტიური ბრძოლის დროს ხელიდან ხელში გადადიოდა, კიდევ 37 სამოქალაქო პირის ცხედარი იპოვეს.

16 მარტი - კიევის ოლქში  მოპარული ავტომობილი და მასზე რუსული არმიის სიმბოლო V, იყო პირველი ნიშანი მძიმე დანაშაულისა, რომელიც რამდენიმე წუთში მოხდა. ხუთი რუსი ჯარისკაცი სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე გასაძარცვად შედის და კარს ამტვრევს.

ამ მომენტში ეზოში ობიექტის მფლობელი და დაცვის თანამშრომელი გამოდის, ორივე უიარაღოდ. ჩხრეკის და გასაუბრების შემდეგ, რუსი ჯარისკაცები ტერიტორიიდან გასვლას იწყებენ. თუმცა, როგორც კი მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, ორივე მათგანს ცეცხლი ზურგიდან გაუხსნეს.

ერთი ადგილზე დაიღუპა. მეორემ, 68 წლის პენსიონერმა ლეონიდ პლიატსმა, დაცვის ოთახამდე მისვლა და ტერიტორიულ თავდაცვის ძალებთან დარეკვა შეძლო, თუმცა მათ მისვლამდე სისხლისგან დაიცალა.

BBC-ის და CNN-ის მიერ გავრცელებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ამ დროს მკვლელები ე.წ. წარმატებულ ოპერაციას დარბეულ ოფისში ალკოჰოლით აღნიშნავდნენ. ეს მძიმე ფაქტი, აშკარა ომის დანაშაულად უკვე შეფასდა.

პირველი რუსი სამხედრო, რომელსაც მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობისთვის ასამართლებენ, სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა. ისტორიული სხდომა კიევში დღეს გაიმართა. საუბარია სუმის რაიონში მომხდარ ფაქტზე. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ვადიმ შიშიმარინმა, 28 თებერვალს, უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ეს არ არის ერთადერთი დანაშაული, რასაც მას ედავებიან. რუსმა სამხედრომ საკუთარ სახლთან მოკლა 62 წლის კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების ნუსხა ათასობით ცალკეულ შემთხვევას და არაერთ კატეგორიას აერთიანებს, მათ შორის მკვლელობებს, წამებას და გაუპატიურებას. გამოძიების მასალებში მსხვერპლები ამბობენ, რომ ერჩივნათ მოეკლათ, ვიდრე ეძალადათ და ეწამებინათ.

სწორედ უკრაინული იდენტობის წაშლის მიზნით, მასობრივი გადასახლების ფაქტები ერთ-ერთი განხილვის თემა იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზეც. აქვე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხება. ჩამონათვალში განსაკუთრებით სენსიტიურია ბავშვების მკვლელობის დადასტურებული ფაქტები.

შეფასებას, რომ უკრაინაში ომის დანაშაულები ხდება და გენოციდი ხორციელდება, არაერთი ქვეყანა, ორგანიზაცია თუ ცალკეული პოლიტიკური ლიდერი აკეთებს, თუმცა მეორე საკითხია სამართლებრივი დადასტურება. ამ დროისთვის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ტარდება ექსპერტიზები და გროვდება მტკიცებულებები საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად.

დღის ამბები