27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
რა მდგომარეობაა ფოლადის ქარხნის გვირაბებში, სადაც რუსმა სამხედროებმა შენობაში ამ დრომდე ვერ შეაღწიეს - საევაკუაციო გეგმაზე მუშაობა დაწყებულია

"აზოვის" ბატალიონის მეომრები ამბობენ, რომ ოკუპანტებთან ახლო საბრძოლო კონტაქტში დღეს დილით შევიდნენ. მას შემდეგ, რაც აგრესორმა ფოლადის ქარხნის ტერიტორიის დაკავება სცადა, მარიუპოლის დამცველებმა მტრის მოსაგერიებლად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი გამოიყენეს.

აგრესორის შეტევა მძიმე ტექნიკით და შეიარაღებით გაგრძელდა. ჯერჯერობით უცნობია დანაკარგი, როგორც ოკუპანტების, ისე "აზოვის" ბატალიონის მეომრების მხრიდან. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსმა სამხედროებმა შენობაში ამ დრომდე ვერ შეაღწიეს.

სიტუაციას ამძიმებს დაჭრილი მეომრების მდგომარეობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება რამდენიმე ასეულ ჯარისკაცს სჭირდება. ფოლადის ქარხნის გვირაბებში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი "აზოვის" სამხედრო ექიმმა გააკეთა.

თურქეთი მოლაპარაკებების პროცესში უკვე ჩაერთო. დიალოგი ოფიციალური ანკარის შუამავლობით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ავრცელებს. ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, საევაკუაციო გეგმაზე მუშაობენ.

ანკარის ჩართულობის მიუხედავად, კრემლის პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია. პუტინის პრესსპიკერის დiმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ, თუ ისინი იარაღს დაყრიან. ალტერნატიული გეგმის შემუშავებას და მოსკოვთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას უკრაინის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შემდეგ ფინელ კოლეგასაც სთხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკისა და საული ნიინისტეს შორის ამ თემაზე საუბარი უკვე შედგა.

გარანტიები კი ჯერჯერობით ისევ არ არსებობს. ადგილზე 600-მდე დაჭრილი მეომარი რჩება. ბლოკირებულია ყველა გასასვლელი, რის გამოც ვერ ხერხდება დაღუპული მეომრების დაკრძალვა. სწორედ ეს გარემოება უახლოეს დღეებში შესაძლოა ეპიდემიის გავრცელების მიზეზი გახდეს. "აზოვსტალის" მეომრების დახმარების თხოვნით ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტები. ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ იყვნენ შუამავალი უკრაინელი სამხედროების გადარჩენის ოპერაციაში.

დღის ამბები