27 ნოემბერი 2024,   17:06
ვრცლად
წამება, გაუპატიურება, დახვრეტა - რუსების ოკუპაციისგან გათავისუფლებული სუმის მცხოვრებლები "კურიერთან" სასტიკი დანაშაულის ისტორიებს ყვებიან

სუმი, ხარკოვი, მიკოლაევი, ჩერნოგოვი - რუსეთი  უკრაინული ქალაქების სარაკეტო ტერორს განაგრძობს. ფედერაციის საზღვართან ახლოს მდებარე სუმის ოლქს წუხელ კიდევ ორი რაკეტა მოხვდა. სუმში აფეთქებების ხმა იმ დროსაც ისმოდა, როდესაც იქ "კურიერის" გადამღები ჯგუფი შევიდა. წამება, გაუპატიურება, დახვრეტა - რუსების ოკუპაციისგან გათავისუფლებულ დასახლებაში ომის თითქმის ყველა დანაშაულია ჩადენილი.

ეს ისტორიები დღეს "რუსთავი 2"-მა რუსი სამხედროების უშუალო მსხვერპლების და თვითმხილველების მხრიდან მოისმინა. 

ოჯახის თვალწინ გაუპატიურებულ სუმელ ქალს რუსული ჯოჯოხეთი ახლა მხოლოდ ფრაგმენტებად ახსოვს. სექსუალური ძალადობა გოგოზე რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ის ერთადერთი არაა, ვინც რუსულ ბომბებს სარდაფში გადაურჩა, თუმცა ვერ გადაურჩა რუსი ჯარისკაცების სისასტიკეს. რუსი ოკუპანტები ახლა ქალაქში აღარ არიან, თუმცა სუმი მათ ვერ ივიწყებს.

აგრესორები ქალაქიდან განდევნეს, თუმცა მათ კვალი სუმში დღემდე რჩება. სუმი უდიდესი ქარხნის დაბომბვის შემდეგ ქიმიური დაბინძურების წერტილად იქცა. საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი უკვე დაშავდა. 

სუმი ოკუპაციისგან უკრაინელი ხალხის თავდადებამ იხსნა. ისინი ტკივილმა გააძლიერა და ახლა დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანა კვლავ ფეხზე დადგება, რუსეთი კი, ამ ომში აუცილებლად დამარცხდება.

ის, რაც სუმში ადამიანებმა საკუთარი თვალით ნახეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის დანაშაულთა ნუსხაში უკვე ჩაწერილია. 

დღის ამბები