27 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ის ფაქტი, რომ ვერტმფრენი გადმოცემული იქნა დაგვიანებით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ მათ სურთ არა მხოლოდ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია - ნანა კაკაბაძე

"ნაციონალური მოძრაობის, უკრაინის ხელისუფლებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ამერიკულმა მხარემ ბრძოლაში ჩართო ვინმე პიანტკოვსკი, რომელიც წარმოშობით რუსია და ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 2005 წელს მიხეილ სააკაშვილმა პიანტკოვსკის მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. სწორედ ეს ადამიანია, რომელიც მოითხოვს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორებული იყოს საქართველოს," - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრების ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეუქმნა შვეიცარიულმა ბანკმა გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მისი ვარაუდით, ეს პროცესი შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

"პიანტკოვსკიმ პირდაპირ მიუთითა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დაწესდეს სანქციები და ამისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ვინმე ანდრეი ერმაკოვი და ასევე, მაქფოლი - რომელიც ბაიდენთან დაახლოებული პირია, რომელსაც, მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით ლობირება შეუძლია. თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეფექტურად სანქციები არ მუშაობს. მოდით განვიხილოთ პროცესი, რაც მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ის, რომ მას ფაქტობრივად აუკრძალეს შვეიცარიული ბანკის საშუალებით გადარიცხვების გაკეთება, მას არ მისცეს საშუალება, რომ იმ ვადებში, რა ვადებსაც ითვალისწინებდა პროცესი, გადმოცემული ყოფილიყო მისი კუთვნილი ვერტმფრენი და ნახატები.

ეს იყო ერთგვარი ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომ მას ალბათ განეცხადებინა თანხმობა ომთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ იმ ფაქტს, რომ ეს ვერტმფრენი გადმოცემული იქნა დაგვიანებით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ მათ სურთ არა მხოლოდ სანქციების გამოცხადება და ამით ივანიშვილის შეზღუდვა, არამედ შესაძლებელია ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გზა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის - რჩება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ის ვერტმფრენის არ გადმოცემის პროცესიც, გადარიცხვების შეზღუდვის პროცესიც ემსახურება არა მხოლოდ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გახადონ იძულებული, მართლაც დატოვოს ქვეყანა და მისცეს საშუალება მეორე ფრონტის გახსნას," - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ასევე, მან ისაუბრა საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის უფლებებს ქართული საზოგადოება დაიცავს.

"დღეს, ეს რისკები არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება იქნება ერთიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთის მხრივ, დაიცვას ბიძინა ივანიშვილის უფლებები და მისი სიცოცხლე და, მეორე მხრივ, გაერთიანდეს იმ პრობლემის წინააღმდეგ, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია," - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

დღის ამბები