27 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ხმაური გორის საკრებულოს სხდომაზე - დაპირისპირება გორის მერის თანაშემწის მრჩევლად გადაყვანას მოჰყვა

დღეს, ხმაურ იყო გორის საკრებულოს სხდომაზე. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია გორის მერის თანაშემწის ფუნქციების ნაცვლად, მერის მრჩევლის როლის განსაზღვრის საკითხმა. საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გორის მერიაში შტატების გაბერვა ხდება. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მერის მოსვლა საკრებულოს სხდომაზე. უმრავლესობის წევრები კი განმარტავენ, რომ ხდება მხოლოდ შტატებისთვის სახელების გადარქმევა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ როდესაც ხდება ადამიანის დაწინაურება, საინტერესოა თუ რა კომპეტენცია ჰქონდა მას ამისთვის.

"ის, რაც დღევანდელი საკრებულოს სხდომაზე ვიხილეთ, რომ თანაშემწე მრჩევლად გადაჰყავთ, მაინტერესებს რა კომპეტენცია აქვს იმ ადამიანს, რომ აწინაურებენ და გორის მერმა რატომღაც ვერ მოიცალა საკრებულოს წევრებისთვის, ვერ მოიცალა ხალხისთვის, მაგრამ მოიცალა რომ თავისი მრჩეველი, თავისი კლასელი თუ ახლობელი, დაეწინაურებინა",- აცხადებს ქორჩილავა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "გორი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ გოხელაშვილის თქმით, ადგილი აქვს ინსტიტუტების უპატივცემულობას.

"ინსტიტუტების უპატივცემულობას არასდროს არავისთვის მოუტანია კარგი შედეგი და სამწუხაროდ ეს ფაქტი, სახეზე გორში, როდესაც გორის მერი არ მოდის ჩვენთან და არ სცემს ჩვენს, შესაბამისად მოქალაქეების კითხვებზე პასუხს."

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარლენ ნადირაძე აცხადებს, რომ შტატებისთვის მხოლოდ სახელის გადარქმევა ხდება.

"ახალი შტატი არ ემატება, არც ბიუჯეტის თანხა არ იზრდება, არსებობს ხელშეკრულებით აყვანილი პოზიციები მერიის მხრიდან, ეს არის თანაშემწეები და მრჩევლები, ერთი თანაშემწის ფუნქციების გარდაქმნა ხდება მრჩევლად. რაც შეეხება ბატონი მერის მობრძანებას საკრებულოში, ის აუცილებლად მობრძანდება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება",- თქვა ნადირაძემ.

დღის ამბები