27 ნოემბერი 2024,   17:01
ვრცლად
გერმანიაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება

სამი დღის განმავლობაში გერმანიის ქალაქ ვაისენჰაუსში "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. მთავარი თემაა უკრაინა, რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, შესაძლო სასურსათო კრიზისი, ლტოლვილების საკითხი და სანქციები.

ბრიტანეთმა მოითხოვა ახალი შეზღუდვების დაწესება და განაცხადა, რომ სანქციები არ უნდა მოიხსნას, მანამ სანამ რუსეთი სრულად არ დატოვებს რუსეთის მთელ ტერიტორიას.

"ძალიან მნშვნელოვანია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მიწოდებით, სანქციების გამკაცრებით. ამ კრიზისის დროს დიდი შვიდეულის ერთიანობა გადამწყვეტია რათა დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია," - აცხადებს ბრიტანეთის  გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ამბობს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ იწვევს მსოფლიო სურსათის კრიზისს და მსოფლიოს ქვეყნებმა მთელი ძალისხმევა უნდა გამოიყენონ ამის შესაჩერებლად.

"ახლახან ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინელების სამაგალითო და გმირულ ბრძოლაში. ისინი იცავენ საკუთარ სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას როგორც სამხედრო ისე ფინანსური კუთხით. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ კონფლიქტს და მის გრძელვადიან შედეგებს, რაც შესაძლოა მოჰყვეს საერთაშორისო დონეზე. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ იწვევს მსოფლიო სურსათის კრიზისს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს მავნე ზემოქმედება. ამ შეხვედრას მოჰყვება უფრო ფართო რაუნდი, რადგან ახლა, G7-ის შემადგენლობაში, ჩვენ მივიღებთ როგორც უკრაინელ მინისტრს, ასევე მოლდაველ მინისტრს," - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის პოზიცია კვლავ უცვლელია და ეს გულისხმობს მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და მეტ ეკონომიკური სანქციებსა და ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ:

"რაც უკრაინის ომი დაიწყო, ეს გახლავთ უკვე მე-7 შეხვედრა G7-ის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ რომ ძლიერი მესიჯით გამოვალთ. ჩვენი პოზიცია ნათელია, მეტი მხარდაჭერა უკრაინას, მათ შორის სამხედრო მიმართულებით. ევროკავშირი უკრაინისთვის 500 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს, ჯამში კი სამომავლოდ 2 მილიარდი ევროს ღირებულების იქნება. ამიტომ მეტი სამხედრო დახმარება უკრაინას და მეტი ეკონომიკური სანქციები და ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ. გრძელდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მოვახერხოთ რუსეთის იზოლაცია. უკრაინის მხარდაჭერა ამ შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება," - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

დღის ამბები