27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, აზოვსტალიდან დაჭრილების ევაკუაციისთვის მეტი გააკეთოს

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს მეტი გააკეთოს აზოვსტალიდან დაჭრილების ევაკუაციისთვის. უკრაინელმა ელჩმა, სერგეი კისლიცამ თქვა, რომ მარიუპოლში ქარხნიდან ევაკუაციის ოპერაცია უნდა გაგრძელდეს და "აზოვსტალში" მყოფები უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ. ელჩი მიესალმა გაეროს ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს მიღებულ რეზოლუციასაც, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი კომისია რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას დაიწყებს.

"ყოველ დღე, რუსი ოკუპანტები ცდილობენ გატეხონ უკრაინელების წინააღმდეგობა "აზოვსტალში". ისინი ისვრიან საჰაერო ბომბებს, აფეთქებენ ობიექტებს მძიმე არტილერიით და სარაკეტო სისტემებით. მარიუპოლის დამცველებმა უკვე შეუძლებელი გააკეთეს. 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მათ შეაჩერეს რუსული ძალების დიდი რაოდენობა და მარიუპოლმა ამისთვის მძიმე ფასი გადაიხადა.

ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ "აზოვსტალის" მცველების ბედით, თუკი ისინი მოხვდებიან რუსეთის ჯარების ხელში. აზოვსტალში ბევრი მძიმედ დაჭრილია და მათ არ აქვთ წვდომა სამედიცინო დახმარებაზე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ საევაკუაციო ოპერაცია უნდა გაგრძელდეს. მოვუწოდებთ უშიშროების საბჭოს და გენერალურ მდივანს, განახორციელონ შემდგომი ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ აზოვსტალის ზონიდან ავადმყოფებისა და დაჭრილების ევაკუაცია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ისინი უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილებში, სადაც მათი სიცოცხლის უფლება გარანტირებული იქნება.

მივესალმებით საგამოძიებო კომისიის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებული სისასტიკის გამოსაძიებლად. რეზოლუცია, რომელიც დღეს ჟენევაში მიიღეს, მანდატს ანიჭებს კომისიას ჩაატაროს სპეციალური გამოძიება რუსი დამპყრობლების მიერ კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის რეგიონებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე",- განაცხადა კისლიცამ.

დღის ამბები