27 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
"თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო" - რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგაც გამოდის

გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრებასთან ერთად, მისი ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგაც გამოდის. დიმიტრი პოლიანსკის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მოწოდებაში მოწინავე ადგილს იკავებს, ამიტომ რუსეთი მასსა და ნატო-ს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას, რუსმა დიპლომატმა უპასუხა, რომ "თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო".

"ვფიქრობ, იმ მომენტში, როდესაც სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება იმართებოდა, ჩვენ არ გვაშფოთებდა ევროკავშირი, მაგრამ სიტუაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ბორელის განცხადების შემდეგ შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, ომი უკრაინაში ბრძოლის ველზე უნდა მოიგონ და ასევე იმ ფაქტის შემდეგ, რომ ევროკავშირი უკრაინაში იარაღის მიწოდების ლიდერია. ვფიქრობ, ახლა ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით, უფრო ჰგავს პოზიციას უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, რადგან  მათ შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავთ.

თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო. დიახ, ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი. დიახ, თუ არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისთვის, მაშინ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ მე არ ვარ ის პირი, ვინც განსაზღვრავს რა არის ეგზისტენციალური საფრთხე", - განაცხადა პოლიანსკიმ.

დღის ამბები