27 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
მსოფლიომ უდიდესი მუსიკოსი დაკარგა - ლექსო თორაძის ბოლო კონცერტი ვაშინგტონში და ბოლო გზა საქართველოსკენ 

69 წლის ასაკაში, მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. ვირტუოზი შემსრულებელი 1983 წლიდან ამერიკაში ცხოვრობდა, ბოლო კონცერტი კი ორი კვირის წინ ვაშინგტონში ვანკუვერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა.

კარიერის მანძილზე, ლექსო თორაძემ მსოფლიოს მაშტაბით გამოჩენილ დირიჟორებთან ერთად ასობით კონცერტი ჩაატარაა, მსმენელს კი თავი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით დაამახსოვრა. ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს მოიცავს. მუსიკოსმა აღიარება მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით მოიპოვა. საკმაოდ ვრცელია პიანისტის დისკოგრაფიაც, ქართველმა პიანისტმა დისკზე შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა. 1991 წელს ლექსო თორაძე საუთ-ბენდის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომლის აღზრდილებმაც აღიარება მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოიპოვეს. ვირტუოზი პიანისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი სახელოვანი, ვირტუოზი პიანისტის ალექსანდრე თორაძის გარდაცვალების გამო. მისმა საშემსრულებლო ხელოვნებამ აღიარება მისი პიროვნების მასშტაბურობისა და ნიჭის დამსახურებით მოიპოვა . თანაგრძნობას ვუცხადებ ლექსო თორაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს მუსიკალურ საზოგადოებას", - წერს ღარიბაშვილი.

ლექსო თორაძეს საქართველოში მომავალ კვირას ჩამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მისი მამის ცნობილი კომპოზიტორის, დავით თორაძისა და დედის ,მსახიობ ლიანა ასათიანის გვერდით დაკრძალავენ.

დღის ამბები