27 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ეს იქნება პასუხი პუტინის აგრესიაზე - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი მიესალმება ფინეთის გადაწყვეტილებას, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი მიესალმება ფინეთის გადაწყვეტილებას, გახდეს ნატოს წევრი. დეპუტატების განცხადებით, ეს არამხოლოდ ფინეთის უსაფრთხოებისთვის იქნება კარგი, არამედ ალიანსისთვისაც. ეს იქნება პასუხი პუტინის აგრესიაზე, რომელსაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. დეპუტატები ელიან ფინეთთან როგორც ნატოს წევრთან თანამშრომლობას.

დღესვე სხდომაზე გაკეთდა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მხარდამჭერი განცხადებებიც. 

ევროპარლამენტის წევრმა, ვიტოლდ ვიშნიაკოვსკმა განაცხადა, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება დამატებით ღირებულებას შესძენს როგორც რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე მთელს ნატოს.

"საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება, უსაფრთხოების კუთხით ვითარება შეიცვალა იმ ქვეყნებისთვისაც, ვისაც საზღვარი რუსეთთან აქვს. სწორედ ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ფინეთს ნატოში გაწევრიანება სურს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის ქმედებები შევაჩეროთ და საბოლოოდ ვაიძულოთ პატივი სცეს საერთაშორისო წესებს. არ მინდა ვიხილო ევროპული ჰიროშიმა, როგორც საბოლოო არგუმენტი ნატოს გაფართოებაზე. ნატო, რაც უფრო სწრაფად გაფართოვდება, მით უკეთესი იქნება. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება დამატებით ღირებულებას შესძენს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე მთელს ნატოს," - ამბობს ვიტოლდ ვიშნიაკოვსკი.

ფინეთის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ალიანსს, მიესალმება ანა ფოტიგა. ევროპარლამენტის წევრი იმედოვნებს, რომ მსგავსს ნაბიჯს გადადგამს შვედეთიც.

"ჩვენ მივესალმებით ფინეთის გადაწყვეტილებას, შემოუერთდეს ნატოს, რომელსაც იმედია მოყვება შვედეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი. მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას შვედეთთან. ეს ასევე გულისხმობს გლობალური უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ფინეთი შეიძლება აღქმული იყოს უკვე როგორც ნატოს მოკავშირედ. ფინეთის პარტნიორობა და სანდოობა იყო და არის მთავარი, რაც ვფიქრობ ბევრ რამეს ცვლის. რა თქმა უნდა, ფინეთის ნატოში შესვლა ნიშნავს ცვლილებებს ევროპის უსაფრთხოებისთვის და შესაძლებელია კოლექტიური დასავლეთის მხრიდან კარგად პასუხობს კრემლის მანკიერ, დანაშაულებრივ ქმედებებს. ასევე პასუხობს რუსეთის დასავლეთზე შანტაჟს კარგად ცნობილი წინადადებებით, ზეწოლას პოლონეთზე, რუმინეთზე და ასევე მოლდოვას მსგავს ქვეყნებზე. მივესალმები ფინეთის პოლიტიკას. ჩვენ ვრჩებით ერთიანნი," - აცხადებს  ანა ფოტიგა.

ფინეთის გადაწყვეტილებას მიესალმება ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი, რაინჰარდ ბუტიკოფერი, რომელიც ამბობს, რომ ეს სარგებელს ორივე მათგანს მოუტანს.

"უკრაინამ, ისევე როგორც მოლდოვამ და საქართველომ, მიმართა ევროკავშირს წევრობისთვის. ვფიქრობ, ჩვენ, როგორც კავშირმა, უნდა დავაკმაყოფილოთ უკრაინის მოთხოვნა მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს ვერ გახდის მათ წევრად დროის მოკლე პერიოდში. თუმცა ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა, რათა ვაჩვენოთ ძლიერი სურვილი, ჩავრთოთ უკრაინა და ეს ორი ქვეყანა ევროპულ ოჯახში," - ამბობს რაინჰარდ ბუტიკოფერი.

საკითხთან დაკავშირებით "კურიერმა" კომენტარი სთხოვა ალიანსს. წერილობით პასუხში ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ მიესალმება ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ ფინეთი ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია. როგორც ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, ფინეთის ნატოში გაწევრიანება კარგი იქნება არა მხოლოდ ფინეთისთვის, არამედ ალიანსისთვის.

მანამდე, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ონლაინ ფორმატში სიტყვით გამოვიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას და თვლის, რომ ასე უფრო დაცული იქნებიან.

 

დღის ამბები