უკრაინული ქალაქის მხარდასაჭერად, რომლის თავზე რუსული რაკეტები ახლაც ეცემა, ნაციონალური ბალეტი კონცერტს მართავს.
"სუხიშვილები" ორდღიანი კონცერტიდან შემოსულ თანხას, ივანო-ფრანკოვსკის სტეფანიუკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დასახმარებლად გადარიცხავენ.
თანხა ლექტორებისა და სტუდენტების საჭიროებებს მოხმარდება. უმაღლესი სასწავლებელი რუსულმა არმიამ მიწასთან გაასწორა, მის სტუდენტებსა და მასწავლებლებს კი ახლა პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი აქვთ.
ივანო ფრანკოვსკის უნივერსიტეტი, დახმარების თხოვნით ჯერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუკავშირდა, ქართულმა სასწავლებელმა კი ნაციონალურ ანსამბლს სთხოვა თანხის შეგროვებაში დახმარებოდა.
ორდღიანი კონცერტის განმავლობაში, სუხიშვილები მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი ცეკვებით წარსდგებიან, ბოლო ნომერი კი ტრადიციულად ხორუმი იქნება, რა დროსაც ანსამბლის მოცეკვავეები უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ქვეყნის დროშით ჩაივლიან.