გორის მუნიციპალიტეტში 20-ზე მეტი ოჯახი უკვე რამდენიმე კვირაა სტიქიას ებრძვის. სოფელ სკრაში ხანგრძლივი წვიმის გამო ადიდებულმა მტკვარმა ე.წ. აგარაკების დასახლებაში 40-მდე სახლი, ეზოები და სარდაფები დატბორა. დატბორილია ასევე საკარმიდამო ნაკვეთებიც. ადგილობრივები მდინარის კალაპოტის გამაგრებას და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.
ძლიერმა წვიმამ კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ახმეტის მუნიციპალიტეტში ღვარცოფულმა მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა, წყლის დონე გაიზარდა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადმოვიდა. დატბორილია ერთწლიანი ნარგავები და ვაზი. ადგილობრივები ყვებიან, რომ უამინდობის გაგრძელების შემთხვევაში ზარალი მასშტაბური იქნება.
სტიქიის გამო, სოფელ ნადუქნარში, წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა და საყრდენი გამოაცალა, რის გამოც მუნიციპალიტეტის მასშტაბით წყალმომარაგება დროებით შეზღუდულია.
სტიქიის ზონაში შესაბამისი ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ზარალის ოდენობის დათვლა დატბორილ სავარგულებში წყლის დონის დაწევის შემდგომ გახდება ცნობილი.
უამინდობა საქართველოში 12 მაისამდე გაგრძელდება. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვან მატებასა და მთებში მეწყრული ზონების გააქტიურებას არ ელოდებან.