27 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე პროკურატურამ გიორგი და ბექა შენგელიებს​ ბრალდება წარუდგინა

ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ გიორგი და ბექა შენგელიებს ბრალი წარუდგინეს. ბექა შენგელია არ აღიარებს, რომ 15 აპრილს პოლიციელის მანქანას შეგნებულად დაეჯახა, რის გამოც სამართალდამცველი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ის გამოძიებისგან განსხვავებულ ვერსიას ავითარებს.

"კურიერის" კამერამ დაშავებული პოლიციელის ავტომობილი გადაიღო, რომელიც დევნის ოპერაციის დროს ამოყირავდა. ბრალდებული შენგელია ამბობს, რომ სამართალდამცველს არ დაჯახებია, თუმცა დაზიანება მის მანქანასაც ეტყობა. დუმილს ირჩევს ბექა შენგელიას თანმხლები მეგობარი გიორგი შენგელია.

"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი საავადმყოფოში ტვინის შერყევით და მოტეხილობებით გადაიყვანეს. დაზიანების კვალი აქვს ავტომანქანასაც, რომელსაც გამოძიების ცნობით, მართვის უფლების გარეშე, ბრალდებული ბექა შენგელია მართავდა. 

სპეცოპერაციით დაკავებულ ბექა შენგელიას თანმხლებ გიორგი შენგელიასთან ერთად ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებას ის არ ეთანხმება და მომხდარის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. 

ბრალი წარედგინა დანაშაულის შეუტყობინებლობის გიორგი შენგელიასაც, რომელიც 15 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროს, ბექა შენგელიას ავტომობილში კიდევ ერთ პირთან ერთად იჯდა. შენგელიები ამ შემთხვევის შემდეგ ერთად მიიმალნენ და სამართალდამცველებს სპეცოპერაციის დროსაც ერთ ბინაში დახვდნენ. გიორგი შენგელია დუმილს ირჩევს, უარყოფს მხოლოდ ვარკეთილში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დროს ხელყუმბარით მუქარის ფაქტს. 

შემთხვევა, რომლის დროსაც პოლიციელი დაშავდა, არაგვის ხიდზე მოხდა. სამართალდამცველები ეძებდნენ პირს, რომელიც სამეგრელოში მომხდარ დანაშაულში ფიგურირებდა. ოპერატიული ინფორმაციით, ეს პირი ბექა შენგელიას ავტომობილში იჯდა და პოლიცია შენგელიას მანქანის გაჩერებას ამ მოტივით სთხოვდა, თუმცა მან თანმხლებ პირებთან ერთად, გაქცევა მოახერხა. მესამე პირი, გავრცელებული ინფორმაციით, მალევე ზუგდიდში დააკავეს. სპეცოპერაციით აყვანილი შენგელიების მიმართ კი, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბექა შენგელიას 7 წლამდე, ხოლო გიორგი შენგელიას კი 2 წლამდე პატიმრობ ემუქრება.

დღის ამბები