ვარკეთილში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებულები ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებენ. ერთ-ერთ მათგანს ბრალად თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება, ხოლო მეორეს - დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, პირადი ჩხრეკის შედეგად ეჭვმიტანილებს არანაირი ცეცხლსასროლი თუ სხვა ტიპის იარაღი არ აღმოაჩნდათ, დაკავება კი ადვოკატების ჩართულობით მოხდა.
"დაკავება მოხდა ზუსტად ჩვენი, ადვოკატების ჩართულობით. ჩვენ მივედით, გამოვიდნენ ხელებაწეულები, პირადი ჩხრეკის შედეგად მათ არანაირი ხელყუმბარა და სხვა აკრძალული ნივთები და იარაღი არ ჰქონდათ. ჰქონდათ მხოლოდ პირადი ნივთები. ბინის ჩხრეკის დროს საერთოდ არაფერია ამოღებული, მით უმეტეს არც ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
განჩინება, რითიც მოხდა დაკავება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არის შეუტყობინებლობა, ბრალის წაყენებას ველოდებით დღეს. პოზიციას რაც შეეხება - ვიყენებთ კანონით მონიჭებულ დუმილის უფლებას," - აცხადებს ადვოკატი.