27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
მოახლოებული 9 მაისი - რა ხდება უკრაინის მთელს ტერიტორიაზე და როგორია მიმდინარე ომის ქრონიკა 

ომის 73-ე დღე და 73 საათზე ნაკლები 9 მაისამდე. რას უნდა ველოდოთ კრემლისგან რუსეთის ყველაზე დიდ დღესასწაულზე - ომის ოფიციალურად გამოცხადებას უკრაინის წინააღმდეგ, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას, თუ მხოლოდ სამხედრო აღლუმს? რეპეტიცი მოსკოვში უკვე გავლილია. ფაქტია, კიევი 96 საათში არ დაცემულა, არც ახლა აპირებს ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა დანებებას. საბჭოთა კავშირის ფაშიზმზე გამარჯვების დღის მოახლოებასთან ერთად, უკრაინის დიდ ქალაქებთან რუსული რაკეტები და ჭურვები ახლოვდება. სულ ცოტახნის წინ ჩამოვარდა რაკეტები ოდესაში, დაიბომბა მიკოლაევიც.

ომის დაწყებიდან 73-ე დღეს, ხარკოვის ოლქში საბრძოლო მოქმედების დროს, 700-ზე მეტი სახლი და შენობა განადგურდა, 22 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.

საცხოვრებელი სახლების გარდა, იბომბება საავადმყოფოები, სკოლები, ვრცელდება გრიგოლ სკოვოროდას ალმოკიდებული მუზეუმის ფოტოები. მუზეუმი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კი, აქტიურ რეჟიმში გრძელდება ფეთქებადი ნივთიერებების განეიტრალება,  გრძელდება მოროდიორების გამოვლენაც. ასე მოხდა ხარკოვში ოკუპანტების მოგერიების დროს, როდესაც რუსმა სამხედროებმა იერიშს ვერ გაუძლეს და ტექნიკასთან ერთად საკუთარი ჩანთებიც კი დატოვეს - უკრაინელებმა მათ მოპარული ნივთები აღმოუჩინეს.

მაისის მოახლოების გამო, რუსი დივერსანტების გააქტიურებას ელოდებიან კიევში. განცხადებას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში, არც მშვიდობიანი მოსახლების დაბომბვის საფრთხეს გამორიცხავენ. 8 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, კიევის ოლქში კომენდანტის საათი 22-დან დილის 5 საათამდე შენარჩუნდება. 

დღის მეორე ნახევარში 6 - ჯერ დაიბომბა საპორტო ქალაქი ოდესა, 4 რაკეტა დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოვარდა. კიდევ 2 ავიაშემკეთებელ ქარხანას მოხვდა, თუმცა ამ დროისთვის დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ძლიერი აფეთქების ხმა იყო კრამატორსკში. რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს ლიმანსშიც, სადაც ძლიერი დაკვამლიანების კადრები ვრცელდება, იწვის საცხოვრებელი კორპუსები.

"მოსკვის" და "ადმირალი მაკაროვის" შემდეგ, უკრაინულმა არმიამ სერნას პროექტის სადესანტო ხომალდი გაანადგურ - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების თქმით, სერნას პროექტის სადესანტო ხომალდი ბაირახტარის დრონმა ააფეთქა.

გრძელდება დარტყმები კუნძულ "ზმეინზე", სადაც რუსული პოზიციებზე ჯარისკაცები არიან გამაგრებულნი.

24 თებერვლიდან დღემდე, დედაქალაქში დაბომბვის შედეგად, 200-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, განადგურდა 46 სკოლა და 30 საბავშვო ბაღი. მიმდინარეობს მათი შესწავლა და გრძელდება ზარალის დათვლა. დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დღეს, ირპენში განადგურებული სარკინიგზო ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც დასრულდა. ომის დაწყების დღიდან დღემდე, პირველად ამუშავდა ირპენის ელექტრო მატარებელიც.

დღის ამბები