27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო პროტესტის ნიშნად დატოვა, პარლამენტში დარჩენილ ოპოზიციას ძილის რეჟიმიდან გამოსვლას ურჩევს

თაკო ჩარკვიანისა და "ევროპული საქართველოს" შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციას კიდევ ერთი კოლეგა აკრიტიკებს. ერთმანდატიანი პარტიის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში ჯდომას ქუჩაში ყოფნა არჩია, ოპოზიციას ძილის რეჟიმიდან გამოსვლას ურჩევს.

პარლამენტში მყოფ ოპოზიციას აკრიტიკებს, თუმცა გეგმასაც ვერ სთავაზობს, რა უნდა ქნან თუკი მასსავით მანდატებზე უარს იტყვიან. სწორედ ეს არის კითხვა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ ზურა გირჩი ჯაფარიძეს დაუბრუნა. ჯაფარიძეს ისიც შეახსენეს, რომ  საკანონმდებლო ორგანოდან მის გასვლას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა არ მოუხდენია. ოპოზიციას შორის პოლიტიკურ კინკლაობას დღეს "ქართული ოცნება" დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა.

ოპოზიციას ბრძოლის მეთოდებს ზურა ჯაფარიძეც უწუნებს. "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს მიაჩნია, რომ საპარლამენტო ოპოზიციას ბრძოლის განწყობა არ აქვს, მისი თქმით, ამას კონკრეტული მიზეზი აქვს - პარლამენტში პარტიები თავს კომფორტულად გრძნობენ და ხელისუფლებას დემოკრატიის ილუზიის შექმნაში ხელს უწყობენ.

მედიით გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ დღეს ზურაბ ჯაფარიძემ კამერების წინ საუბარი აღარ ისურვა. ისინი კი, ვისთანაც ჯაფარიძე წარსულში ერთ პარტიაში იყო და ვისთანაც პოლიტიკურ კოალიციაში იმყოფებოდა, კრიტიკა უკვირთ. "გირჩი" ყოფილ ლიდერს ურჩევს სატელევიზიო გამოსვლების ნაცვლად კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარადგინოს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ზურაბ ჯაფარიძეს წარსულს ახსენებენ, როცა მეათე მოწვევის პარლამენტში ბოიკოტის პირობებში შევიდა.

სტრატეგია დაწუნებულ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კითხვებზე პასუხებს ელოდება - რა გააკეთეს ზურა ჯაფარიძემ ან სხვა პოლიტიკოსებმა, ვინც მანდატზე უარი თქვეს და საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად მის მიღმა საქმიანობა აირჩიეს.

ოპოზიციაში დაპირისპირება საინტერესო არ არის მმართველი პარტიისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და სასურველი იქნებოდა პარლამენტში მეტი კონსტრუქციული თანამშრომლობა იყოს შესაძლებელი.

ოპოზიციის კრიტიკის ფონზე ჯერჯერობით უცნობია ზურა ჯაფარიძე გეგმავს თუ არა მათთან რაიმე თანამშრომლობას 2024 წლის არჩევნებისთვის. გადაწყვეტილება, რომ 2 წლით ადრე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს, უკვე დააანონსა.

დღის ამბები