27 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
აქციები რუსთავის და ბათუმის ციხესთან - ვინ უერთდება სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის იდეას

აქციები რუსთავის ციხესთან და ბათუმში, მოთხოვნა უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. აქციას არ შეუერთდებიან, თუმცა ექს-პრეზიდენტის უცხოურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც.

"სტრატეგია აღმაშენებელმა" ხელისუფლებას კონკრეტული გეგმაც შესთავაზა - შეიქმნას ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნას დადებს, რომლის საფუძველზეც მას ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის რეკომენდაცია მიეცემა ან კვლავ ციხეში დატოვებენ.

ხელისუფლების ოპონენტებიდან ერთადერთი, ვინც  ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობას მხარს არ უჭერს, გიორგი გახარიას პარტიაა. მათი აზრით, მიხეილ სააკაშვილს  ქართველმა ექიმებმა უნდა უმკურნალონ. მმართველი გუნდი არც სააკაშვილის პარტიის და არც დანარჩენი ოპოზიციის ინიციატივების გაზიარებას არ აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ექს-პრეზიდენტი თვითდაზიანების რეჟიმშია, რომ არა მედიკამენტებზე და საკვებზე უარი, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნებოდა. სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას ევროპის რომელიმე კლინიკაში დღეს მხოლოდ თბილისში არ ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ ევროპის სახალხო პარტიამაც მოუწოდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიაა.

დღის ამბები