27 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
რატომ გვიანდება ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის მიღება - უნგრეთის ულტიმატუმი და ქვეყნები, რომლებსაც რუსულ ნავთობზე უარის თქმა უჭირთ

უკრაინა იბრძვის, ევროკავშირი კი სანქციების მე-6 პაკეტზე ისევ ვერ თანხმდება - ტროას ცხენი უნგრეთის პრემიერია. პუტინის ყველაზე დიდი მოკავშირე ევროპაში რუსული ნავთობის ჩახსნისთვის 5 წელს ითხოვს, ხოლო თუ ბრიუსელი  არსებულ პროექტს მაინც მიიღებს, პასუხისმგებლობას ევროკავშირის მომავალზე ევროკომისიას აკისრებს.

უთანხმოების საგანია შავი სიაც - როგორც "ვოლ სთრით ჯორნალი" წერს, თავდაპირველად ახალ პაკეტში 58 გვარი იყო, მათ შორის რუსეთის პატრიარქის, მოგვიანებით სანქცირების კანდიდატებს პუტინის ფავორიტი ალინა კაბაევაც დაემატა, თუმცა ჩამონათვალს ცალკეული ქვეყნები ბლოკავენ.

რუსეთის პატრიარქის შავ სიაში შეყვანას ათენი და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგება, ნავთობის ემბარგოს პირობები კი უნგრეთისა და საბერძნეთის გარდა არ მოსწონთ: სლოვაკეთს, ჩეხეთს და კვიპროსს. ვაჭრობა არ დასრულებულა, თუმცა ევროკავშირი ცდილობს მე-6 პაკეტზე კონსენსუსის მიღწევა 9 მაისამდე მოასწროს.

ბრიუსელს სურს სანქციების ისეთი ახალი პაკეტი მიიღოს, რომელიც ერთი მხრივ სერიოზულად დააზიანებს პუტინის რეჟიმს, ხოლო მეორეს მხრივ არ გამოიწვევს კრიზისს ევროპაში და ნაკლებად იზარალებს თავად, ამიტომ აქცენტი რუსული ენერგომატარებლების გარდა რუსეთის ოდიოზურ ფიგურებზეცაა - პატრიარქი კირილი, ალინა კაბაევა, ევროკავშირი უკვე რამდენიმე დღეა ვერ თანხმდება სანქციებზე.

მშვიდობისმოყვარე ერის ჯარისკაცებმა, რომლებიც რუსეთის პატრიარქმა წმინდა ომში დალოცა, სახელი მალე მოიხვეჭეს. მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის მოხუცების, ქალების, ბავშვების ხოცვა-გაუპატიურება, წამება, მოროდიორობა - ეს ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოებამ ომის დანაშაულად უკვე შეაფასა, თუმცა ვიდრე სასამართლოს შესაბამისი განაჩენები დადგება, ჯერი სანქციებზეა. ომის დამნაშავეებს და მათ მხარდამჭერებს ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს უწესებს.

აქვე არიან მთავარი მშვიდობისმყოფელები, ეს მაგალითად პოლკოვნიკი აზატბეკ ომურბეკოვია - მას ბუჩის ჯალათი შეარქვეს - კლავდა და აწამებდა მშვიდობიან მცხოვრებლებს ქალაქ ბუჩაში.​

ბუჩას გარდა საკუთარი ჯალათი მარიუპოლსაც ყავს. ეს მეტსახელი დამსახურებულად ერგო პოლკოვნიკ მიხაილ მიზინცევს. ის რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელია. მიზინცევს ბრალად ედება მარიუპოლის დაბომბვის ორკესტრირება და ალყის მეთვალყურეობა. მისი მითითებით იბომბებოდა საავადმყოფოები, სამშობიარო და ქალაქის ცნობილი თეატრი. ჯამში ამ ყველაფერს ათასობით მოქალაქე ემსხვერპლა. სანქცირებულ სამხედროებს შორის კიდევ ათობით მაღალჩინოსანია. უმეტესად მათი სახელები ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეს უკავშირდება. მაგალითად, რუსეთის 35-ე არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკი ალექსანდრ შერშნევი და ამავე ბრიგადის ვიცე-პოლკოვნიკი მაქსიმ პლატონენკოვი.

სანქცირებულთა სიაში ცალკე გვერდია რუსი პოლიტიკოსების ოჯახის წევრებისთვის. ამჯერად ყურადღება დაეთმო უკვე სანქცირებული დიმიტრი პესკოვის შვილებს. პუტინის პრესმდივნის შვილები ელიზაბეტა პესკოვა და ნიკოლაი პესკოვი მამის გავლენებით მოპოვებული პრივილეგიებით და რესურსებით ევროკავშირის ზონაში ვეღარ ისარგებლებენ. იგივე ეხება ტატიანა ნავკას - პესკოვის მეუღლეს. ევროკავშირის მე-6 პაკეტის სანქცირებულთა სიაშია პუტინის მეგობარი ქალი ალინა კაბაევაც.

ევროკავშირი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მთავარ ცენზორებზე, რომელიც აგრესორი ქვეყნის პროპაგანდას უდგანან სათავეში. ამ მხრივ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ანდრეი ლიპოვი - რუსეთის კომუნიკაციებისა და მასმედიის ზედამხედველობის სამსახურის "როსკომნადზორის" ხელმძღვანელი.

რუსული აგრესიის ხელშემწყობთა სიაში მოხვდნენ უკრაინელებიც. ისინი, ვინც ოკუპანტ ძალას მხარს უკრაინის ტერიტორიაზე უჭერენ და რეჟიმის დამყარებაში ეხმარებიან. ერთ-ერთია გალინა დანილჩენკო, რომელიც მელიტოპოლის მერის გატაცების შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. დანილჩენკო ადგილობრივებს წინააღმდეგობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა და პრორუსული მოწოდებებით გამოდიოდა.

რუსეთის აგრესიის მხარდაჭერისთვის სანქცირებულია ხერსონის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი ვოლოდიმირ სალდოც, რომელიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობდა. შეზღუდვები დაუწესდება ხერსონის მერის ყოფილ მოადგილე ტატიანა კუზმიჩსაც, რომელიც ამჟამად რუსეთის ნაციონალური საზოგადოების, "რუსიჩის" პრეზიდენტია.

პრორუსი აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და სამხედრო დამნაშავეების გარდა, რუსეთის სანქციების მეექვსე პაკეტი აკრძალვებს უწესებს ათობით რუსულ კომპანიას. მათ შორის ავტომობილებისა და სამხედრო პროდუქციის მწარმოებლებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მიერ შემუშავებულ სანქციების მე-6 პაკეტს არ შეუერთდება უნგრეთი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მათთვის "ატომური ბომბის" ჩამოგდების ტოლფასია.

დღის ამბები