27 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
უკრაინელებმა რუსეთის ფლოტის კიდევ ერთი სიამაყე "ადმირალი მაკაროვი" მნიშვნელოვნად დააზიანეს ​- გემის გადარჩენაში რამდენიმე ვერტმფრენი და ხომალდი მონაწილეობს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, კრიტიკული დაზიანება მიიღო რუსეთის ფლოტის კიდევ ერთმა სიამაყემ - "ადმირალ მაკაროვმა". ​ ფრეგატს წინასწარი ინფორმაციით, "ნეპტუნის" ტიპის რაკეტა მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ბორტზე ეკიპაჟის 200-მდე წევრი იმყოფებოდა. რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, გემის გადარჩენის ოპერაციაში რამდენიმე ვერტმფრენი და ყირიმიდან ჩასული ხომალდი მონაწილეობს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ კრემლს  "ადმირალ მაკაროვზე" უკრაინელების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების მოიერიშე და 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დონბასში განადგურებულია რუსული არმიის 8 ტანკი და 11 ერთეული ბრონირებული მანქანა.

დაიბომბა რუბეჟნოე, ნოვოდრუჟესკი და პოპასნოე. ეს უკანასკნელი ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული. დრონით გადაღებულ ვიდეომასალას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ძირითადი ზიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიადგა - სახლებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს და სამედიცინო დაწესებულებებს.

ლოგიკური ახსნა არც დნეპროპეტროვსკის საცხოვრებელ კვარტალზე თავდასხმას აქვს. ტერიტორიაზე იერიში ოკუპანტებმა "გრადის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით მიიტანეს. აფეთქებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. თუმცა, ეს ფაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშში არ მოხვდა. აქ კვლავ მხოლოდ სამხედრო ობიექტების განადგურებაზე საუბრობენ.

იმაზე, რაზეც ყოველდღიურ ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ საუბრობს, საუბარს არ ერიდება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. გაეროს ინფორმაციით, ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ე.წ. ოპერაციას 3280 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 231 ბავშვია.

დღის ამბები