27 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
6 ნახევარი მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდასაჭერად - დონორების საერთაშორისო კონფერენციამ თანხა რამდენიმე საათში შეაგროვა

6 ნახევარი მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდასაჭერად - ეს არის თანხა, რომელიც დონორების საერთაშორისო კონფერენციამ სულ რამდენიმე საათის განმავლობაში შეაგროვა.

თანხა ღონისძიების მონაწილე ქვეყნებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა გაიღეს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ და თქვეს, რომ უკრაინას მხარი უნდა დაუჭირონ ფინანსურად, ჰუმანიტარული კუთხით და იზრუნონ ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენაზე.

ის, რომ ეს ომი უკრაინამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა მოიგოს, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო. 

"პოლონეთი და შვედეთი ბევრს ვმუშაობთ უკრაინისთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს უკრაინას, რომელიც არამხოლოდ თავიანთი თავისუფლების არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის იბრძვის. უკრაინაში ჩვეულებრივი ომი არაა. ეს კრიმინალების ომია, სიბოროტე კი, რუსებისთვის ბრძოლის მეთოდია. ამ კონფერენციაზე შევძელით 6.5 მილიარდი დოლარის შეგროვება. ეს თანხა მოხმარდება ყველა იმ უკრაინელს, ვინც ომის შედეგად დაზარალდა. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მომავალი და იმედი. უკრაინამ სწრაფად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი,"- აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების პარალელურად, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკაზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს:

"ჩვენ აქ ვართ მამაცი უკრაინელების მხარდასაჭერად, უკრაინელების, რომლებიც აგრესორის წინააღმდეგ იბრძვიან. 10 კვირა გავიდა, რაც პუტინის არმია სისასტიკეს ჩადის უკრაინაში, რაც არასდროს დაგვავიწყდება, 10 კვირაა ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ამ ბრძოლაში უკრაინელები იხდიან თავიანთ სიცოცხლეს. ჩვენ ეკონომიკური ძალა უნდა მოვაბილიზოთ რუსეთის წინააღმდეგ და მოვახდინოთ რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა. დავაწესოთ სრული ემბარგო. დავანგრიოთ პუტინის ომის მანქანა. პუტინმა დაიწყო ომი და მან უნდა გადაიხადოს ამ ომის საფასური. ასობით მილიარდი ევროთი უნდა დავეხმაროთ, რომ აღვადგინოთ უკრაინა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას ინვესტიციებით დავიწყებთ და გავუკვალავთ უკრაინას გზას ევროკავშირისკენ," - აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი​.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კი, დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე მყოფებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება:

"ყველას დიდი მადლობა, ვინც აქ უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ჩვენ ვართ ისეთ ისტორიულ პერიოდში, როცა უკრაინის ბედი წყდება, ჩვენ გვჯერა უკრაინის ბრწყინვალე მომავლის და გვჯერა უკრაინა დაძლევს იმ გამოწვევებს რის წინაშეც დგას. გვჯერა რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი. გვჯერა რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე ამ ყველაფრის ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი ქვეყნის აღდგენა სხვადახვა რესურსიდან მოხდება. ეს იქნება საერთაშორისო საზოგადოების, პარტნიორი ქვეყნების ასევე რუსეთისთვის გაყინული აქციებიდან. ეს ყველაფერი ჩვენთვის იქნება გამოყენებული. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს რომ აგრესიისთვის ფასს გადაიხდის,"- აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი​.

დღის ამბები