27 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
სააკაშვილის ოჯახი, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იწყებს

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადასაყვანად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იწყებს. მთავარი მიმართულება საპროტესტო აქციებია და  პირველი აქცია,  ხვალ, უკვე დაიგეგმა მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამის შემდეგ, სააკაშვილის ოჯახი რეგიონებში გასვლას და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

რისთვის სჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას" ლიდერის ციხიდან გამოხსნა, ამაზე დაწვრილებით დღეს "ქართულ ოცნებაში" საუბრობენ. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს აქტუალიზაციას "ნაციონალური მოძრაობა" იმიტომ ახდენს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს.

ბრალდებას არასერიოზულს უწოდებენ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში. "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ მათი მიზანი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა.

ხვალ დაანონსებულ აქციაზე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მთავარი მოთხოვნა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანა იქნება. ამბობენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება და ახლა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა. სააკშვილის ძმებმა, გეგმებზე დღეს რუსთავის საპყრობილესთან ისაუბრეს. ექსპრეზიდენტის ახლო გარემოცვა ფიქრობს, რომ სწორედ მომხრეების მობილიზება და საპროტესტო გამოსვლებია გზა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ.

პროფესიით ექიმ პოლიტიკოსებს დღეს, ციხიდან წერილით  თავად ექსპრეზიდენტმა მიმართა. მსჯავრდებული დეპუტატებს, რომლებიც სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ, მის პირადად მონახულებას სთავაზობს. სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების განცხადებების პარალელურად, მმართველმა პარტიამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ ამბობს ხელისუფლება უარს ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაზე. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, არც სასჯელის გადავადების და არც უცხოეთში გამგზავრების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

სახელისუფლებო გუნდში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თუ მოქმედი წევრების ბოლო დღეებში გაკეთებული კომენტარები გაიხსენეს. განცხადებების მიღმა, სადაც პოლიტიკოსების ნაწილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში შურისძიებით დაიმუქრა, "ქართული ოცნება" კონკრეტულ მიზანს ხედავს. მმართველი პარტია ღიად საუბრობს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების მცდელობაზე.

ბრალდების ადრესატები "ქართულ ოცნებაში" გაკეთებულ განცხადებებს საზოგადოებისთვის გათვლილ გზავნილს უწოდებენ და ამბობენ, რომ ახალი ბრალდებით მმართველი პარტია ცდილობს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დარტყმა მიაყენოს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტების სურვილის მიუხედავად პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სასჯელისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებს და ციხეში ყოფნის პერიოდში სააკაშვილი ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და ზედამხედველობით უზრუნველყოფილი იქნება.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან შესახვედრად, მზად არიან კონსილიუმის წევრი ექიმები -  ამის შესახებ განცხადება დღეს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები პრეზიდენტსაც მოუწოდებენ. ათონელის ქუჩაზე დღეს სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სალომე ზურაბიშვილს შეწყალების ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები