"აზოვის" ბატალიონი რუსეთის მასირებული იერიშის მოგერიებას ცდილობს. ავიაცია, არტილერია, სახმელეთო შეტევა და ალყა საბრძოლო ჯავშანტექნიკით, გადასხმულია დესანტიც - რუსეთმა "აზოვსტალის" შტურმი დაიწყო.
ქალაქში ამ დრომდე არ წყდება აფეთქებების ხმა, ქარხანა ბოლშია გახვეული. შავი კვამლი მარიუპოლის ყველა წერტილიდან ჩანს.
უკვე რამდენიმე საათია რუსული ჯარი მეტალურგიულ კომბინატში შეღწევას ყველა ხერხით ცდილობს და ეს მაშინ, როდესაც "აზოვსტალის" გვირაბებში მარიუპოლის მცველებთან ერთად კვლავ რჩება: ასობით ბავშვი, ქალი და მოხუცი.
პუტინმა ჩათვალა, რომ მხოლოდ 101 ადამიანის გათავისუფლებით მან ვალი მოიხადა, თუმცა ცალკე საკითხია რა ჯოჯოხეთი გაიარეს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც 48 საათის განმავლობაში ე.წ. მწვანე დერეფანში რუსი სამხედროების მხრიდან არაადამიანური სისასტიკის და დამცირების მსხვერპლი გახდნენ.
მამაკაცებს, ვინც არ მოსწონდათ ადგილზე ხვრეტდნენ, ქალებს კი აუპატიურებდნენ. ორ დღიან საფილტრაციო ბანაკს და 27 რუსულ ბლოკ საგუშაგოს გადარჩენილი 17 წლის გოგონა საშინელებებს ყვება.
"არასდროს დამავიწყდება ჯარისკაცების საუბარი. "რა გაუკეთე მათ, ვინც ვერ გაიარეს ფილტრაციის ბანაკი?" "დავხვრიტე 10, შემდეგ კი აღარ დამითვლია, არ არის საინტერესო"- უპასუხა მეორემ. მე დამტოვეს პირველ ჯიხურში. პირადი დოკუმენტები დაასკანერეს, აიღეს თითის ანაბეჭდები. ჯიხურში 5 შეიარაღებული ჯარისკაცი იყო. ჯარისკაცმა ჩემზე თქვა: "არ მომწონს, წინ იქნებიან ქალები, იშოვეთ ვინმე". გამიშვეს და მამის დალოდების უფლება არ მომცეს. მამას 40 წუთი მანქანაში ველოდებოდით. მამა გზაში ალაპარაკდა, თქვა რომ არასასიამოვნო კითხვები დაუსვეს. ეკითხებოდნენ ხომ არ მოეჭრათ მისთვის ყური? მამას პასუხები მათ არ მოსწონდათ, დაუწყეს ხელისკვრა და თავში ჩაარტყეს. მას არ ახსოვდა რა მოხდა შემდეგ. ის გონზე ქუჩაში მოვიდა," - აცხადებს "აზოვსტალიდან" წამოსული ახალგაზრდა ქალი.
მას შემდეგ რაც ავტობუსებმა ტერიტორია დატოვეს, რუსებმა "აზოვსტალის" შტურმისთვის მზადება დაიწყეს.